გიგა ბოკერია – ცდება ყველა, ვინც აქცენტს ცესკო-ს თავმჯდომარეზე აკეთებს, ივანიშვილის ფრაქცია მზადაა ძალის დემონსტრირებისთვის – ამ რეჟიმის დახასიათებაა: რასაც გვინდა, იმას ვიზამთ

“ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფრის მიმართ უტიფარი დამოკიდებულების დემონსტრირებას ახდენს და მოქმედი კანონის პირობებშიც კი ივანიშვილის რეჟიმს ცესკო-ზე სრული კონტროლი აქვს. ასე გამოეხმაურა ბოკერია განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი გადაიხედოს.

ბოკერიას განცხადებით, კანონპროექტების ცვლილებით რეალურად არაფერი იცვლება, ქვეყნის პრობლემა არა ამ პროცედურაშია, არამედ იმაში თუ როგორი ფორმით აკონტროლებს ყველა ინსტიტუტს ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.

„არჩევნების პრობლემები ძირითადად სუს-ის, სხვა ძალოვანი სტრუქტურების, დაშინების, მოსყიდვის და პოლიტიკური დევნის კონტექსტშია განსახილველი. ცდება ყველა, ვინც აქცენტს აკეთებს ცესკო-ს თავმჯდომარეზე. ივანიშვილის ფრაქცია, რომელიც პარლამენტშია, მზად არის ძალის დემონსტრირებისთვის უტიფრად ეს წესიც გაიმარტივოს, ეს ამ რეჟიმის დასახასიათებლად გამოგვადგება – „რასაც გვინდა იმას ვიზამთ“ – ამაზეა ლაპარაკი. არ მინდა ვინმეს არასწორი შთაბეჭდილება შეექმნას თითქოს რეალურ რაღაცაზე მიმდინარეობს დაპირისპირება, რომელიც ქვეყანაში რამეს შეცვლიდა, არა. თითქოს რეფორმის შედეგად ისეთი მოდელი აქვთ მიღებული, რომლის პირობებში ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო. ამ ვითარებაშიც კი პროცესის კონტროლის თვალსაზრისით მათთვის არაფერი არ იცვლება, უბრალოდ ყველაფრის მიმართ უტიფარი დამოკიდებულების დემონსტრირებას ახდენენ, რომ იცი რა, ამას თუ აკეთებ, ჩვენ კანონის შეცვლაც კი შეგვიძლია. ამაზე ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ, უბრალოდ უნდა მივიღოთ, როგორც ერთი მაგალითი იმისა თუ რა ტიპის პოლიტიკური არარაობებისთვის აქვს ჩაბარებული ივანიშვილს ასეთი საკითხები. ეს არის იმის დემონსტრირება თუ რამდენად აუცილებელია ამ რეჟიმის ჩამოცილება.

ვიდრე ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) ხელისუფლებაშია, ჩვენ ჩვენს ისტორიულ ამოცანას – თავისუფალ სამყაროში დაბრუნებას, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ გარდაქმნებს ვერ მივაღწევთ, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის დეტალები“,- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ” – რუსი ქურდების ახალი სლოგანია – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – რუსები, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც და ამერიკაშიც – არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური განცხადება, რომ ვინმეს ეთნიკური ნიშნით მათთან შესვლის უფლება უნდა შეეზღუდოს