გია ვოლსკი – ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც აქვს არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია.

„რაც შეეხება უკან გადადგმულ ნაბიჯს, კონსულტაციები და მოლაპარაკება ითვალისწინებს ხანდახან დროებით შეწყვეტას, გადადებას, გაგრძელებას და ერთ ჯგუფებთან მეტ საუბარს. ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც აქვს არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. ოპოზიციასთან მეტი კონსულტაციაა საჭირო, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში დარჩენით უკანდასახევი გზა მოუჭრა თუ არა პოლიტიკურ მხარეებს, ვოლსკი პასუხობს, რომ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს.

„სიტუაცია საით მიდიოდა, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. დაპირისპირება სხვა დონეზე ავიდა – ეს არის საერთაშორისო დონე, როცა არა მხოლოდ ევროკავშირია დაინტერესებული თავისი ასოცირებული წევრის პრობლემის მოგვარებით, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტაა დაინტერესებული, რომ საქართველოში სტაბილურობა შედგეს. დასავლელი პარტნიორების ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჰყავდეთ ისეთი მოკავშირე, სადაც სტაბილურობაა გარანტირებული. ეს არ არის ლიტონი სიტყვა, დაინტერესებას გამოხატავს და ცუდს არაფერს. მსოფლიოსა და რეგიონში საკმაოდ რთული სიტუაციაა იმისთვის, რომ ფუფუნება გვქონდეს, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყნების დასაყრდენი, არეული იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე მაინც.

მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია. პროპაგანდისტულად შეიძლება, უკეთესი იყოს, ისაუბრო მაგიდის აყირავებაზე, დესტრუქცია-დესტაბილიზაციაზე, მაგრამ ეს არის ის, რაც აინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ კლასტერს. ეს იყო და გავიარეთ, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ. რაც უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, მოლაპარაკება ეხება ქვეყნის მომავალს. აქედან გამომდინარეობს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მმართველმა გუნდმა გამოხატა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, ​ნუ უსმენთ დემაგოგიას, ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა​
შემდეგი სტატიარატომ არ გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინა – ტიკარაძის პასუხი