ღარიბაშვილი – სამხედროებისათვის პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე იანვრიდან დამატებით იგეგმება ხელფასების დამატებით ზრდა

რაც შეეხება თავდაცვის მიმართულებით გამოკვეთილ პრიორიტეტებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და ამ ორგანიზაციაში საბოლოო ინტეგრაცია. სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა იყო და არის ჩვენი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამხედროებისათვის პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე იანვრიდან დამატებით იგეგმება ხელფასების დამატებით ზრდა – დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისათვის 10%-ის ოდენობით.

„ხელფასების ზრდა შეუქცევადი გახდება და რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში სისტემატიურად გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ თავდაცვის კოდექსშიც.
უკვე გაისად დასრულდება „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობა. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი უკვე აშენდა და სრულდება ძალიან მალე, რამდენიმე თვეში და დაახლოებით 1090 სამხედროს გადაეცემა ბინები, უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებითა და შიდა განვადებით.
ჩვენ ბოლო 2 წელიწადში თითქმის ყველა სამხედრო ბაზის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და რეაბილიტაცია მოვახერხეთ. დაიწყო სამხედრო ავიაციის აღდგენის პროცესი და წარმატებით მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები.
ძლიერდება ქართული სამხედრო მრეწველობა. წელს უკვე ჩვენ გავხსენით ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება საქართველოში, რომელიც არის ქართულ-ებრაული საწარმო – „დელტა სიეიეი“ და რომელიც „დელტას“ ბაზაზე გაიხსნა და გამოუშვებს ნატოს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღებს.
დაიწყო საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. უახლოეს პერიოდში იგეგმება ქართულ-პოლონური და ქართულ-ებრაული საწარმოების პრეზენტაცია. „დელტა“-ს მეშვეობით ჩვენ უკვე გამოვუშვით სრულიად ახალი, მოდერნიზებული სადაზვერვო მანქანაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ იხილა.
ჩვენ რამდენიმე თვეში, პარლამენტს წარვუდგენთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ დოკუმენტს, როგორც ფუძემდებლური დოკუმენტის საბოლოო ვერსია. ასევე განახლდება საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაც, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს უახლოეს 3-4 თვეში. ვგეგმავთ ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენას თებერვალში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი- გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა
შემდეგი სტატიაარ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის – წულუკიანი