ღარიბაშვილი ფარმაცევტული მაფიის წინააღმდეგ

საქართველოში ცხოვრება იაფი რომ არ არის, ცხადზე უცხადესია, მაგრამ ამ სიძვირეში განსაკურებით ხაზგასასმელი ის გახლავთ, რომ მედიკამენტებსაც ცეცხლი უკიდია. შესაბამისად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, უფრო მეტად კი, სოციალურად დაუცველები და პენსიონერები საჭირო წამლების ყიდვას ვერ ახერხებენ, ან მცირე შემოსავლის გამო, ნაწილობრივ ყიდულობენ

სხვათა შორის, „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9.2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიკამენტებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 17%-ით გაძვირდა. 22%-ით – გაძვირებული ტკივილგამაყუჩებლები. 17%-ით მოიმატა საჭმლისმომნელებელი პრეპარატების ფასმაც. 10%-ით გაძვირდა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ვიტამინებისა და ანტიბიოტიკების ფასი შესაბამისად 6% და 3%-ით არის გაზრდილი. 27%-ით არის გაძვირებული შპრიცი, ხოლო ბამბის ფასმა 9.5%-ით მოიმატა.

რატომ ძვირდება მედიკამენტები საქართველოში? – ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ წამლების გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ფარული გარიგებებია.

ამასთან, ისიც აღსანშნავია, რომ სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიას ერთგვარი ლობისტებიც ჰყავს, ან უფრო მეტიც, კომპანიის მფლობელები თავად არიან აქტიურ პოლიტიკაში ჩართულები.

ერთი სიტყვით, გამოდის, რომ გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე ვიღაც სერიოზულ ფულს შოულობს, თუმცა ეს „ბაირამობა“ შესაძლოა, დიდხანს აღარ გაგრძელდეს.

რატომ? – იმიტომ, რომ პრემიერის განცხადებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ყველაფერ ამაზე დროული რეაგირება ჰქონდეს.

„უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება”, – თქვა ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.

პრემიერის პოზიციას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს. აი, მაგალითად, იზაბელა გერსამია მარტოხელა პენსიონერია, რომელიც ამბობს, რომ თითქმის მთელი პენსია წამლებზე ეხარჯება.

„რამდენიმე წელია, დიაბეტი მაქვს. გულიც მაწუხებს. ყველა წამალი რომ ვიყიდო, მაშინ მშიერი მოვკვდები. ამიტომ, იძულებული ვარ, ზოგი წამალი დავიკლო, რომ თვითან თვემდე პენსია პურის საყიდლდ მაინც მეყოს. შეიძლება, ძვირი ავეჯი ღირდეს, მაგრამ წამლები აუცილებლად უნდა გაიაფდეს, რომ ხალხი ავადმყოფობით არ მოლვდეს,“ – ამბობს ქალბატონი იზაბელა.

სოლომონ ამირხანაშვილი, 78 წლის: „ორი შვილი მყავს და ორივეს თავისი ოჯახი აქვს. რა თქმა უნდა, მეხმარებიან, მაგრამ მათაც უჭირთ და სულ ხომ ვერ ვთხოვ, წამლის ფული მომეცით-მეთქი?.. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა წამალას გავაიაფებდი და ამდენი დაავადებაც აღარ იქნებოდა.“

ნანი შეითნიშვილი, მრავალშვილიანი დედა, სოცდაიცველი: „ხუთი შვილი მყავს და მესამეს ველოდები. ერთი ბავშვი შშმ პირია, მაგრამ ჯერ სტატუსი არ მოუციათ. სოცდამხარებას კი ვიღებთ, მაგრამ სულ წამალ-ექიმის გზაზე ვდგავართ. აფთიაქში რომ შევდივარ, ზოგჯერ ხალხს ვეცოდები და წამალს ისინი ყიდულობენ ჩემთვის. მედიკამენტები რომ გაიაფდება, თავისუფლად ამოვისუნთქებთ – შვილებს ცარიელ პურს და ტყუილ სუპს მაინც ვაჭმევ.“

ცნობისთვის: ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტოს აქვს დავალებული. მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წლის ბოლოს გახდება ცნობილი. შუალედური ანგარიშის თანახმად კი, სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევანისა და ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტები 2016-2020 წლებში საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდნენ, ანუ გამოდის, მშიერი მოსახხლეობის ხარჯზე ფარმაკომპანიები მილიონებს შოულობენ. ამიტომ, დროა, ამ უსამართლლბას წერტილი დაესვას.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი – ვიმედოვნებთ, სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, ორშაბათს სასამართლო პროცესს დაესწროს
შემდეგი სტატიატყიბულში მაშველები მიწის მასაში მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ