ბეჟაშვილი – ვიმედოვნებთ, სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, ორშაბათს სასამართლო პროცესს დაესწროს

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს, სადაც 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ უნდა დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება.

„ორშაბათს იქნება სასამართლო და ჩვენ მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილ არსებულ ვითარებასთან მიმართებაში და არსებულ უსამართლობაზე გული შესტკივათ, მოვიდნენ, დააფიქსირონ ჩვენი მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა „იქნება მუდმივი და განახლებადი არსებული ვითარებიდან გამომდინარე“.

„ამ საპროტესტო მუხტს ვერ დავაგდებთ, რადგან საზოგადოების დაკვეთა არის სამართლიანობა, სააკაშვილის გამოხსნა ივანიშვილის რეჟიმის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, პარტიაში იმედოვნებენ, სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, 29 ნოემბრის სასამართლო პროცესს დაესწროს.

„ჩვენ მაინც იმედს გამოვთქვამთ, რომ პენიტენციური სამსახური და აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობა შეძლებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრება, სადაც მიეცემა შესაძლებლობა, მიმართოს როგორც საზოგადოებას, ასევე სასამართლოს და თავისი სიმართლე წარუდგინოს. ბუნებრივია, საქმე თავად სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც შესაძლოა, 7 ნოემბერთან მიმართებით სააკაშვილს აეღო, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ყველამ კარგად იცის, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მან ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, თანამდებობიდან გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არავის გაუკეთებია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების კუთხით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას იწყებენ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ფარმაცევტული მაფიის წინააღმდეგ