ღარიბაშვილი – აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანი-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რიგი გარემოებებისა და ფაქტორების გამო, აღნიშნული კომისიის სხდომა 10 წელია, არ გამართულა და მოხარულია, რომ მოლაპარაკების შესაბამისად, დღეს შეიკრიბენ კომისიის ფარგლებში.

ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მთავარი ეკონომიკური-სავაჭრო პარტნიორია.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ბაქოში, ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოში, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ეს არის უკვე რიგით მეორე ვიზიტი წელს აზერბაიჯანის რესპულიკაში, მინდა, ასევე, გავიხსენო, რომ ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ჩემი პირველი ვიზიტის დროს, და ახლა უკვე, როგორც ჩვენ წინაზე მოვილაპარაკეთ, დღეს ვატარებთ რიგით მერვე სამთავრობოთაშორისო კომისიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. რიგი გარემოებების და ფაქტორების გამო, ეს კომისია არ გამართულა 10 წელია და მე მიხარია, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, ვთქვით და გავაკეთეთ – დღეს ვიკრიბებით ამ კომისიის ფარგლებში.

აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრაგეგიული პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის მთავარი ეკონომიკური-სავაჭრო პარტნიორია. ძალიან ვაფასებთ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობით, ვითარდება ეკონომიკის, ვაჭრობის მიმართულებით ჩვენი თამშრომლობა. აზერბაიჯანი ინვესტიციის მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია, გამოკვეთილი ლიდერია ჩვენს ქვეყანში. დღესვე მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი თქვენს პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელთანაც ძალზე ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი მქონდა. ჩვენ ვილაპარაკეთ, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ვთქვით, რომ აუცილებელია, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება, ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება, მეტი ინვესტიციის, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ეკონომიკის და ვაჭრობის მიმართულებით, არამედ ჰუმანიტარული, კულტურის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პანდემიის პირობებში საქართველომ დიდი დახმარება მიიღო აზერბაიჯანისგან.

„პანდემიის პირობებში ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან, ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი ძმებისგან, მინდა, ამისთვის საჯაროდ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, ასევე განვაცხადო, რომ ჩვენ ბოლო წლებში ვაჩვენეთ საკმაოდ დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ მჯერა, პოტენციალი გაცილებით დიდია, აუცილებელია ამ პოტენციალის გამოყენება და ათვისება. დღევანდელი კომისია, დღევანდელი შეხვედრა იძლევა კარგ საშუალებას, განვიხილოთ ყველანაირი საკითხი, რომელიც არის მიმდინარე, ასევე დავსახოთ გეგმები მომავალზე. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონებო, მეგობრებო, დღევანდელი დღისთვის და მჯერა, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და Visa-ს პატნიორობით 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამაში ჩაერთო
შემდეგი სტატიაკრამონი – ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის, იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს გრძელვადიანი მედიაცია