კრამონი – ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის, იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს გრძელვადიანი მედიაცია

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს, განსაკუთრებული არჩევნებია.

როგორც ევროპარლამენტარმა ონლაინგამართული დისკუსიის დროს აღნიშნა, ამის ერთ-ერთი ნიშანია ის ფაქტი, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი საქართველოში აგზავნის სრულყოფილ სადამკვირვებლო მისიას და მიემგზავრება ევროპარლამენტის დელეგაციაც.

„ეს არის განსაკუთრებული არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური არჩევნები ჰქვია. ამის ერთ-ერთ ნიშანია ისიც, რომ ამ არჩევნებზე ეუთო/ოდირი აგზავნის სრულყოფილ სადამკვირვებლო მისიას, ეს კი მუნიციპალური არჩევნების შემთხვევაში, ძალიან იშვიათად ხდება. საქართველოში ასევე მიემგზავრება ევროპარლამენტის დელეგაცია, რომლის წევრებიც უკვე გაემგზავრნენ თბილისში. ევროპარლამენტიც როგორც წესი, არ აგზავნის დამკვირვებლებს მუნიციპალურ არჩევნებზე. ეს აჩვენებს ამ არჩევნების მნიშვნელობას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო გამოწვევებით სავსეა და ევროპარლამენტი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

„საქართველოში პოლიტიკური გარემო გამოწვევებით არის აღსავსე. ძალიან ბევრი რამ არის ფსონზე და ამიტომ ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. მინდა, ვთქვა, რომ ყოველთვის, როდესაც მივდივარ საქართველოში, მგონია, დაძაბულობამ უკვე მიაღწია პიკს. თუმცა შემდეგ ვხვდებით, რომ სიტუაცია უარესდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ძალიან ეშინია წაგების. ნახსენები იყო სიტყვა ძალაუფლების უზურპაცია (სახელმწიფოს მითვისება). ეს ტერმინი ძალიან ფართოა და ამიტომ ყოველთვის ვერიდებოდი ამ ტერმინის გამოყენებას საქართველოს შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ეს ვნახეთ მოლდოვაში, აზერბაიჯანში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც. თუმცა ახლა უკვე ეჭვი აღარ არსებობს, რომ ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების უზურპაციას საქართველოში, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი რეგიონისთვის. ვგულისხმობ რეფორმებს, პირდაპირი ინვესტიციების მიზიდვას, კორუფციასთან ბრძოლას და სხვა ინდიკატორებს, რომელთა გათვალისიწნებით შეგვეძლო გვეთქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდიოდა. ბოლო კვირებში და თვეებში მე სულ მქონდა იმედი, გადაწყვეტილების მიმღები პირები თბილისში მიხვდებოდნენ, რომ მათი პასუხისმგებლობა ცდება მათ ძალაუფლებას, პარტიას და მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ მთელ ქვეყანაზე. თუმცა, ახლა სულ უფრო ნაკლებად მგონია, რომ ეს ასეა. ხალხს ექმნება შთაბეჭდილება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვის მისცემენ ხმას, რადგან შედეგი უკვე გაყალბებულია. ამის თავიდან აცილებაა აუცილებელი. მე ვცდილობდი შემდეგი გზავნილი გადამეცა მოქალაქეებისთვის, გთხოვთ, წადით არჩევნებზე, ყურადღებით გადაავლეთ თვალი ბიულეტენს. არ წახვიდეთ არჩევნებზე მხოლოდ ერთ ან მეორე პარტიისთვის ხმის მისაცემად. მოძებნეთ კანდიდატები, რომლებიც შეიძლება იყვნენ პასუსმეგბლიანები და აუცლებლად გააკეთეთ არჩევანი, შექმენით ცვლილება, რადგან ამას ნამდვილად შეუძლია, ცვლილება მოიტანოს, თუ ვიქნებით სათანადოდ მობილიზებული და დავინახავთ ახალ კანდიდატებს. საქმე ეხება საკრებულოებს და მერებს, ასე რომ, თუ ხალხი არჩევნებზე მივა, ეს ნამდვილად მოიტანს შედეგს. ამომრჩევლების გადაღლილობა, რასაც ვხედავთ საქართველოში, ძალიან სამწუხაროა და იმედი აქვს, რომ ევროპარლამენტის, ეუთო-ს დასწრების შემთხვევაში, ბევრი საერთაშორისო ყურადღების ფონზე ხალხი გააცნობიერებს, რომ ეს მათი არჩევანი და გადაწყვეტილებაა. ჩვენ იმედი გვაქვს, 2 ოქტომბერს განსხვავებულ სიტუაციას ვიხილავთ. ჩვენ მზად ვართ დახმარების, მხარდაჭერისთვის და ასევე იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს გრძელვადიანი მედიაცია და შევძლებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია
შემდეგი სტატიათურნავა – აზერბაიჯანი-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ურთიერთსავაჭრო ბრუნვა