გერმანია სკრიპალის საქმეზე ისევ ბრიტანეთის პოზიციას იზიარებს

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელ ექსპერტებს არ დაუსახელებიათ ნივთიერების წარმომავლობა, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს, ბერლინი ისევ ლონდონის აზრს იზიარებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარის გამო, მაღალი ალბათობით რუსეთია პასუხისმგებელი. გერმანიის პოზიცია არ შეცვლილა – მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ულრიკე დემერმა 4 აპრილს ბერლინში განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.

გუშინ ბრიტანეთის პორტონ-დაუნის ლაბორატორიის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ნივთიერება, რომლითაც სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, “ნოვიჩოკის” კლასისაა, თუმცა, მწარმოებელი ქვეყანა არ დაასახელეს. როგორც ტელეარხ Sky News-ში ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ჰერი ეიტკენხენდმა განაცხადა, ნივთიერების მწარმოებელი ქვეყნის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ ქიმიური ანალიზი, აუცილებელია, ასევე, სხვა მონაცემები, მათ შორის, დაზვერვისგან. მისი თქმით, მსგავსი მონაცემები აქვს ბრიტანეთის მთავრობას.

“ჩვენ საბოლოო წყარო არ დაგვიდგენია, მაგრამ სამეცნიერო ინფორმაცია მთავრობას მივაწოდეთ, რომელმაც, თავის მხრივ, სხვა წყაროები გამოიყენა რომ იმ დასკვნამდე მისულიყო, სანამდეც მივიდა” – განაცხადა ჰერი ეიტკენხენდმა, რომელმაც, ასევე აღნიშნა, რომ საწამლავი იდენთიფიცირებულია როგორც “ნოვიჩოკი”, რომელიც მომწამვლელი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებაა. “ეს საწამლავი იმავე ოჯახს ეკუთვნის, ეს იყო სამხედრო მომწამვლელი ნივთიერება, მაგრამ საუბარი იმაზე, სად მოხდა მისი წარმოება – ეს ჩვენი სამუშაო არ არის”.
ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ასევე თქვა, რომ ამ ნივთიერების შესაქმნელად მაღალი ტექნოლოგიაა საჭირო, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო დონეზე არსებობს. ასევე, მეცნიერის თქმით, “ნოვიჩოკის” კლასის ნივთიერებების წინააღმდეგ ანტიდოტი არ არსებობს.

ჰერი ეიტკენხენდს რუსეთის ვარაუდზე, რომ სკრიპალები, შესაძლებელია ინგლისურ ლაბორატორიაში არსებული “ნოვიჩოკით” იყოს მოწამლული, კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ სკრიპალები პორტონ-დაუნის “ნოვიჩოკით” არიან მოწამლული – “შეუძლებელია მსგავსი რამ მომხდარიყო ჩვენს ლაბორატორიაში ან ის ვინმეს გაეტანა” – თქვა მან.

სერგეი და იულია სკრიპალები სოლსბერიში 4 მარტს მოიწამლნენ. სერგეი სკრიპალი დღემდე კომაშია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომ იულია სკრიპალს ლაპარაკი და დამოუკიდებლად ჭამა შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება
შემდეგი სტატიაბახრეინმა ნავთობის უმსხვილესი მარაგი აღმოაჩინა