გელა დუმბაძემ უკრაინის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ უკრაინის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე 20-ზე მეტი პოლიტოლოგი, პოლიტტექნოლოგი და ანალიტიკოსი შეიკრიბა.

“დღეს საქართველოს საელჩოში ღია კარის მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელიც საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების ასი წლისთავს მიეძღვნა. ჩვენ უკრაინელ ექსპერტებს იმ რეფორმების შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გატარდა, ჩვენს უკრაინელ კოლეგებს ეკონომიკურ და ადამიანის უფლებთა სფეროში საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების შესახებ ვესაუბრეთ, ძალიან საინტერესო ფორმატი გამოვიდა”, – განაცხადა ელჩმა გელა დუმბაძემ.

მისივე თქმით, ბევრი ექსპერტი დაინტერესდა ქართულ საექსპერტო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, კერძოდ, უკრაინული “think thank”-ის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს ესტუმრონ და ნახონ, როგორ მიმდინარეობს რეფორმები.

“საქართველო ყოველთვის ცნობილია იმით, რომ ძალიან კარგად ურთიერთობებს ექსპერტებთან და ეს კარგად შეიმჩნევა უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუშაობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, ვეხმარებით ჩვენი შეფასებებით იმის შესახებ, რა ხდება უკრაინაში და საელჩოსთვის ისეთი შეხვედრები, როგორიც დღეს იყო, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად უნდა გაიმართოს”, – განაცხადა მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ვიქტორ შლინჩაკმა.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ მსგავსი შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გამართა, რომელშიც კიევის წამყვანი ინსტიტუტების დაახლოებით 100 ქართველი სტუდენტი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიაპოლიტიკა საქართველოში მოკვდა, ან კომაშია