გამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი – გიორგი გახარია მეშახტეების დაღუპვაზე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2017 10:02

გამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი – გიორგი გახარია მეშახტეების დაღუპვაზე

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახები დახმარებას და კომპენსაციას მიიღებენ.

ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, დაღუპულთა ოჯახებს კომპენსირებას გაუწევს, როგორც კომპანია, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება.

მინისტრი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ღია და გამჭვირვალე იქნება. გიორგი გახარიას განცხადებით, გამოძიების დასრულების შემდეგ, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.

„დაზარალებულების, დაღუპულების ოჯახებს, ყველა სახის კომპენსირება გეწევა, როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია, ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი.

“დღეს, ალბათ, არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ მტყუან-მართალი. დღეს არის ის მომენტი, როდესაც ამ ქალაქს, მაღაროელებს დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოჯახის წევრებმა და ამ მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე და ტრაგიკული მოვლენა, რაც შეიძლება, შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი,“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაშველებმა ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მეშახტეების ცხედრები თითქმის 14-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა. ეძებენ ოთხ ადამიანს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც. ზურაბ ალავიძე ტყიბულში იმყოფება. მინისტრის განცხადებით, მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე უსაფრთხოების საკითხი გასამკაცრებელია. ალავიძის თქმით, საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე დადგება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2017 10:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics