გამყრელიძე: წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა

აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. მისი თქმით, წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა. გამყრელიძის თქმით, ბავშვებს ორი აცრა უნდა ჰქონდეთ გაკეთებული – 1 და 5 წლის ასაკში.
“გუშინდელი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ 1-ელი იანვრიდან უკვე ქვეყანაში წითელათი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. კონცენტრირება, 70-დან 75%-მდე შემთხვევვებისა აჭარის რეგიონშია და იქ ძალიან ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა, უკვე 30-მდე შემთხვევა გვაქვს თბილისშიც. ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. აჭარაში გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება.
აცრების ჩავარდნის მაღალი პროცენტი გვაქვს 15-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ და მაშინ მოგეხსენებათ აცრებთან მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო ქვეყანაში. 2008 წელსაც იყო ძლიერი ჩავარდნა. სწორედ 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კამპანია ტარდებოდა და წითელას საწინააღმდეგოდ მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, ერთმა არასწორად გაკეთებულმა სიუჟეტმა ჩააგდო ეს კამპანია და მილიონის ნაცვლად აიცრა 450 000 ადამიანი. მაშინ მილიონი ადამიანი რომ აცრილიყო, დღეს ქვეყანაში ეს პრობლემები არ იქნებოდა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ის მიმართავს 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებს, თუ არ იციან აცრის სტატუსი, მივიდნენ პოლიკლინიკაში და წითელას საწინააღმდეგო ერთი დამატებითი აცრა გაიკეთონ. გამყრელიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, ვინც შვილის გაჩენას აპირებს და მოუწოდებს მათ, ჩაიტარონ აცრა, რადგან წითელა ორსულობის პერიოდში, ნაყოფზე სერიოზულად მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიგურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ვიდეომასალა წარუდგინა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე იმედოვნებს, რომ მშენებელი კომპანიები უსაფრთხოების ახალ რეგულაციებს გაითვალისწინებენ