გამყრელიძე – ყველა უნდა ვეცადოთ, რეკომენდაციები დაცული იყოს, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება

ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთული და მძიმეა. ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი მერყეობს 4000-5000 ფარგლებში. დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 4000 ჩამოსცდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მოგეხსენებათ, შაბათს და კვირას გარკვეულად იკლებს ხოლმე რაოდენობა, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებია, სტაბილიზაციის ძალიან პატარა ნიშნები შეიმჩნევა.

„ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ მომავალი ორი კვირის განმავლობაში, თუ ეს სტაბილიზაცია გაგრძელდა, მაშინ ნიშნავს, რომ თანდათან გადავდივართ პიკს. სიკვდილიანობის მაღალი ციფრები პირველ რიგში განპირობებულია შემთხვევათა რაოდენობით. რაც მეტია შემთხვევათა რაოდენობა, დაახლოებით 1-1.5% სიკვდილიანობაა. ამავე დროს, ეპიდვითარების დასტაბილიზირება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავიცავთ უკლებლივ ყველა რეკომენდაციებს და რეგულაციებს უმკაცრესად. ეს ნიშნავს, რომ ვატარებთ პირბადეს შინ და გარეთ, ანუ დახურულ და ღია სივრცეებში. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ეს მაინც ირღვევა, გარე სივრცეებშიც არ ატარებენ პირბადეს. მას შემდეგ რაც, ყველა დავიცავთ დისტანციას და ორგანიზებას არ გავუწევთ დიდ წვეულებებს, შეხვედრებს, წავალთ და ყველა ავიცრებით. ყველა უნდა ვეცადოთ, ეს რეკომენდაციები დაცული იყოს, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ძალიან მაღალია.

„დღეს ქვეყანაში აქტიური პაციენტი არის 59 659, აქედან 7 400-მდე არის მოთავსებული სტაციონარებში და დანარჩენი გახლავთ კოვიდსასტუმროებში. 49 000-მდე ადამიანი მკურნალობს ბინაზე. ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არის უკიდურესად მაღალი, ამიტომაც საველე ჰოსპიტლები, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის გარკვეულად შერბილების ერთ-ერთი გზაა. იქ თავსდებიან საშუალო სიმძიმის ადამიანები. ეს გარკვეული ტრიაჟია, იქიდან შესაძლებელია, თუ უკეთესობა იქნება, ბინაზე მკურნალობაზე გადაყვანა, ან თუ დამძიმდა, მაშინ უკვე ჰოსპიტალში, სადაც განთავისუფლდება ადგილი. დღეს ჰოსპიტლებში ადგილების რაოდენობა ძალიან ლიმიტირებულია. პირველად გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც კარგი ნიშანია იმისა, რომ ოდნავ, ძალიან მცირედ ჰოსპიტლებზე დაწოლა შემცირდეს. სამედიცინო პერსონალი არის ფიზიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გადაღლილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო ექიმები მოქალაქეების ვაქცინაციის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – 30 აგვისტოს გაიგებთ, რა კონფიგურაციით, ვისთან ერთად წარვდგებით არჩევნებზე