გამყრელიძე – ევროპაში „ომიკრონი” დომინანტური შტამი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონში “ომიკრონი” დომინანტური შტამი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, გაზრდილი შემთხვევების ფონზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზული ხდება და გამოწვევა საქართველოსთვისაც სერიოზულია.

„ევროპის რეგიონში “ომიკრონი” დომინანტური შტამი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება. ასეთია პროგნოზი. ამ ეტაპზე ინფექციის მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა იმ ქვეყნებში, სადაც გამოვლინდა. თუმცა, გაზრდილი შემთხვევების ფონზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზული ხდება. გამოწვევა ჩვენთანაც სერიოზულია. მოგეხსენებათ, რომ 2 დადასტურებული შემთხვევის შესახებ ორშაბათს ვისაუბრე, რაც შაბათს უკვე დადასტურებული იყო. ორივე ახალგაზრდა ადამიანია, 25 წლის ქალი და 26 წლის მამაკაცი. ერთს მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში, მეორეს – დუბაიში. მათ ჰქონდათ საკმაოდ ბევრი კონტაქტი და ამ კონტაქტების კვლევიდან გუშინ კიდევ დამატებით 22 შემთხვევა დავადასტურეთ. ამ შემთხვევებიდან ზოგიერთი კონტაქტია, ამავე დროს დამოუკიდებელი შემთხვევებიც, რომელიც თითქმის ყველა შემოტანილია. 9 შემთხვევა შემოსულია დუბაიდან ერთი თვითმფრინავით, რომლებიც “ფორმულა ერთის” ღონისძიებაზე გახლდნენ. ერთი შემოსულია ბუდაპეშტიდან, ერთი შემთხვევაა ლონდონიდან, 2 შემთხვევა თურქეთის გავლით აფრიკის ქვეყნებიდან, ასევე 1 შემთხვევაა აშშ-დან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – იმით, რომ სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა შიმშილობა გამოეცხადებინათ, თავად დახურა შერიგების თემა, რომელიც თითქოს მან წამოიწყო
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი – არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, მიუთითოს სხვას, ვისთან ჰქონდეს კავშირი