ენტონი ბლინკენი – არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, მიუთითოს სხვას, ვისთან ჰქონდეს კავშირი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მათ რუსეთთან საპასუხო წინადადებები აქვთ, რაზეც მოსკოვს პასუხის გაცემა მოუწევს.

ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები სავარაუდოდ 2022 წლის დასაწყისში დაიწყება. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წარმოდგენილი ზოგიერთი წინადადება მიუღებელია, მაგრამ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელზეც დიალოგი შესაძლებელია.

„რუსეთის მიერ წარმოდგენილ წინადადებებში არსებობს ზოგიერთი მკაფიოდ მიუღებელი ელემენტი, მაგრამ შესაძლოა, იყოს საკითხები, რომელთა განხილვაც მისაღები იყოს. ასევე არის ის, რასაც ჩვენ დავდებთ მაგიდაზე და რასაც რუსეთმა უნდა უპასუხოს.

რუსეთმა გააკეთა განცხადება და გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომ მას აქვს პრეტენზიები, მოთხოვნები, შეშფოთებები. რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებები აქვს აშშ-ს და ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს. ყველაფერი ეს განხილული იქნება“ – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, არსებობს პრინციპები, რომელთაც აშშ არ გადაუხვევს.

„არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალით შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკარნახოს სხვა ქვეყნებს პოლიტიკა და მიუთითოს მას, ვისთან ჰქონდეს კავშირი. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაადგინოს გავლენის სფეროები. ამ ცნებების ადგილი ისტორიის სანაგვეზეა“, – განაცხადა ბლინკენმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ევროპაში „ომიკრონი” დომინანტური შტამი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება
შემდეგი სტატიახოშტარია – შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს