გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსთვის იმავე მომავალს ვიმედოვნებთ

გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსათვის იმავე მომავალს ვიმედოვნებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა.

„გერმანია მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო, ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი. საქართველოსათვის იმავე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობრები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო.

საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს, რადგან თავდაცვის სფეროში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას.

მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო-გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი: ორმხრივი ურთიერთობების საკითხები – სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის საკითხები, რამაც უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საქართველო და გერმანიის ურთიერთობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის სახელმწიფო მდივანი, პრესის ფედერალური სამსახურის უფროსი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, სამხრეთკავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა შევძელი პირობის შესრულება – მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები
შემდეგი სტატია„ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან იმუშავებს”