,,გახარიას გადაყენება კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება რუსეთისათვის, რომელსაც ივანიშვილმა იმედები არ გაუმართლა”

საპარლამენტო ოპოზიცია 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც ცდილობენ მომხდარი ცალკეული პოლიციელების უკანონო ქმედებას მიაწერონ. „ქართული ოცნება“ გახარიას პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით ვერ ხედავს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მმართველ გუნდს სხვა გზა არ აქვს და იძულებულია გახარია კბილებით დაიცვას და ამას თავისი მიზეზი აქვს. უმთავრესი კი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას ვერ უშვებს.

„ესე კბილებით ჩაბღაუჭება გახარიას გადასარჩენად იმიტომ მიდის, რომ პირველი, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემდეგ აუცილებლად დადგება უკვე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არა მარტო გახარიასი, არამედ ყველასი, ვინც იმ დღეს მონაწილეობდა და ბუნებრივია, ეს იქნებოდა პირველი აღიარება დანაშაულისა. და მეორე, ის, რომ როგორც ჩანს ივანიშვილისთვის ძალიან ძნელია მეორე გახარიას მოძებნა. როდესაც გემი იძირება, არავინ ცოცხალი თავით იქ ასვლას არ გადაწყვეტს და მეორე გახარიობას ვერავინ ვერ აიღებს საკუთარ თავზე. მითუმეტეს მათ დაინახეს რა ბედი ეწევა და ადამიანს, რომელიც არის პაიკი ივანიშვილის ხელში და დღეს პაიკობა არავის არ უნდა და ბუნებრივია, რომ ივანიშვილი არის საგონებელში და მეორეს მხრივ პირდაპირ რუსული კვალი იკვეთება, რომ გახარიას გადაყენება ეს კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება რუსეთისათვის, რომელიც დღეს უკვე ბოდიშის მოხდას ავალებს და უკვე ეუბნებიან რომ ბოდიში მოიხადოს საქართველოს მთავრობამ. ფაქტია, რომ რუსეთის მხრიდან არის უკმაყოფილება ივანიშვილის მიმართ, რომელმაც არ გაუმართლა ამ დღეებში იმედები და ფაქტობრივად სჯიან ივანიშვილს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ყოფნის პირობებში გამოძიება ობიექტური ვერ იქნება. ამიტომ ის უნდა წავიდეს.

„ვერ ვიქნებით ვერანაირად დაზღვეული, რომ ამ შემთხვევაშიც გახარიასთვის პასუხისმგებლობის ასაცილებლად არ მოხდება სრულიად უსინდისოდ რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და მათი გამოცხადება დამნაშავეებთან. ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ერთადერთი საშუალება, ეს არის ახალგაზრდების მოთხოვნა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ, გადადგეს თანამდებობიდან და უკვე ამის შემდეგ აბსოლუტურად ნეიტრალურ და დაინტერესებულ პირობებში, წასული გახარიას პირობებში მოხდეს ამ საქმის გამოძიება და დაისაჯოს ყველა ვინც დამნაშავეა. ოღონდ გამოძიება და დასჯა ვერასდროს ვერ იქნება სრულფასოვანი თუ პასუხი არ აგო პირველმა პირმა ვისაც ევქემდებარება სამინისტრო. ვინც ვალდებულია სამინისტროში და საკუთარ სპეცრაზმში ჰქონდეს ისეთი დისციპლინა, რომ თუნდაც მისი ბრძანების გარეშე ვერავინ ცეცხლი ვერ გაიხსნას ადამიანებს,”-განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაში,,ოპოზიციას სურვილი აქვს, გაათანაბროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა იმ ადამიანებთან, რომელთაც პასუხისმგებლობა არასოდეს აუღიათ”
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს