გახარია: სახელმწიფომ ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა და ვერც სხვები

​ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის “საქართველოსთვის”  თავმჯდომარე გიორგი გახარია ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა.

მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები “ჩამოშლილია”.

“კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიის, ჟურნალისტების წინაშე. ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა მოქალაქეები, ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია. არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს – როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ნიშნავს უკვე ჩამოშლილ ინსტიტუტებს”, – თქვა გახარიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის შესახებ აფრთხილებდნენ, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ეს მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

“ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამის უკან, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის. ის რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას. სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ გონორით, ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინონ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ გაშავებას
შემდეგი სტატიადღეს აქცია არ გაიმართება- ორგანიზატორები ლაშქარავას პანაშვიდს უერთდებიან