გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი – დათო გაბუნია

„გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი“, – ეს განცხადება მუსიკოსმა დათო გაბუნიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა. გაბუნია სისხლიანი ღამის შემდეგ გიორგი გახარიას პირველ აღიარებას ეხმაურება, როდესაც მინისტრმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მან გასცა მომიტინგეების დარბევის ბრძანება.

გაბუნიას შეფასებით, გიორგი გახარია არ იმსახურებს, რომ იკავებდეს შს მინისტრის თანამდებობას და ის უნდა გადადგეს.

„რაც შეეხება იმ მიზეზს და იმ არარაობას, ვის გამოც ჩვენ ამდენი ხანია, ქუჩაში ვდგავართ, ის ადამიანი აღარ არსებობს, მით უმეტეს გუშინდელი ინტერვიუს მერე, რაც ჩვენ ვნახეთ, ის ადამიანი არის ნული. ის ადამიანი ააყროლებს უკვე ყველაფერს და მისი სახელი არის ვირეშმაკა აფერისტი და ის არ არის ღირსი, რომ ჰქონდეს ქართული, მეგრული გვარი, გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დათო გაბუნია.

პროტესტი 24-ე დღეა, მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.

მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, მათ შორის, ნარინჯისფერის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – ე.წ. ოპოზიციამ ცინიზმის საოცარ პიკს მიაღწია
შემდეგი სტატია“უხამსობა ტეხავს!” – რუსთავის საკრებულოსთან აქცია გაიმართა