გაერო კრემლის სისასტიკეს ამხელს

გაეროს ექსპერტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას (ცარ) „ვაგნერთან“ კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ. გაეროს სამუშაო ჯგუფმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ცარ-ში „ინსტრუქტორების“ სახელს ამოფარებული „ვაგნერის“ მებრძოლები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევენ.

ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც კრემლი ცარ-ს იარაღის ემბარგოს მოხსნაში დაეხმარა და სანაცვლოდ რუსეთში დაფუძნებული კომპანია „Lobaye Invest SARLU“-თვის ქვეყანაში რეგისტრაციის უფლება მოითხოვა. ეს კომპანია „ვაგნერის“ შვილობილ ფირმას წარმოადგენს და მოსკოვი მას პრიგოჟინის დაჯგუფების საქმიანობის საფარად იყენებს. ცარ-ში „ვაგნერის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანია „SEWA Security Services“

ოპერირებს.

„ვაგნერი“ პეტერბურგელი ბიზნესმენისა და “პუტინის მზარეულის”, რუსი ოლიგარქის ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფებაა. „ვაგნერის“ წევრები დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ჯგუფის ლიდერი დიმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. კრემლი „ვაგნერთან“ კავშირს უარყოფს, მაგრამ 2015 წლის იანვარში, დონბასში დაღუპული „ვაგნერის“ ორი წევრი, ანდრეი ელმეევი და ანდრეი შრეინერი, სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ორდენებით დააჯილდოვეს. ასევე, 2016 წლის 9 დეკემბერს, კრემლში „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, უტკინმა პუტინთან ერთად ფოტოც კი გადაიღო. უფრო მეტიც, „ვაგნერის“ წევრები რუსული სამხედრო ძალების ტრანსპორტით და სამხედრო საავადმყოფოებით სარგებლობენ. ისინი წვრთნებს კრასნოდარში, მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.

გაერომ მარტში განაცხადა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე პერიოდში „ვაგნერმა“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 100-მდე ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ჰუმანიტარული სამართლის ნორმა დაარღვიეს. რუსმა მებრძოლებმა სულ მცირე 26 ადამიანი სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს, 5 გააუპატიურეს, 27-ს კი უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება. თითოეული მსხვერპლი სამოქალაქო პირია.

„ვაგნერი“ ცარ-ის გარდა, ლიბიის, სირიისა და სუდანის კონფლიქტებშია ჩართული. უფრო მეტიც, 2018 წელს რუსი ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ცარ-ში „ვაგნერის“ უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადნენ, თუმცა ისინი ჟურნალისტური გამოძიების დროს მოკლეს და საქმე ჯერაც არავის გამოუძიებია.

ცოტახნის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ვაგნერს“ კრემლის ინტერესების გამტარებელი აგენტი უწოდა და დაამატა: „რუსეთი კი უარყოფს დაქირავებულ მებრძოლებთან კავშირს, მაგრამ არავინ ტყუვდება.“ მართლაც, კრემლს სულ უფრო მეტად უჭირს შეფარული გზებით ადამიანების სიცოცხლის მოსპობაზე პასუხისმგებლობას გაექცეს. საერთაშორისო ორგანიზაციები არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით უკვე საკმაოდ მკაცრი ტონით აკრიტიკებენ რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც საქართველოსაც აქვს თავის თავზე გამოცდილი.

 

 

 

 

 

ნათია მჟავანაძე

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილები კოლეჯ „მოდუსში“ პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან