გაბუნია უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჯანდაცვის მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და ხელების ბრახუნი იყო და ისმოდა ფრაზა „მონა არავინ არ არის“

აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, იმის შესახებ, რომ მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და „ხელების ბრახუნი“ იყო და ისმოდა ფრაზა „მონა არავინ არ არის”, გაბუნია ამბობს: „არ მახსენდება, უარვყოფ”.

“დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, გაბუნია ამბობს, რომ “მწვანე პასპორტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სამედიცინო სფეროში რამდენიმე ხანია არსებობს”.

„დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება “მწვანე პასპორტის” კონცეფციას, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მსჯელობა სამედიცინო წრეებშიც, საკოორდინაციო საბჭოზეც და მივიღეთ ეს ვერსია, რაც დღეს არის. ყველაფერი ექვემდებარება გადახედვას. ვფიქრობ, ექსპერტების მოსაზრებაზე იქნება მსჯელობა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, შერჩეულია თუ არა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატურა.

“ვფიქრობ, კონსულტაციები მიმდინარეობს და ველოდებით ახალი კანდიდატის დასახელებას, რათა მასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა”,- განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიჰერმან საბო მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს, პრეზიდენტის მხრიდან პროცესი ინიცირებული თუ იქნება, მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ