Finion: საქართველო 2023 წელს რეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობით პირველ ადგილზეა

2023 წელს რუსების მიერ გახსნილი ახალი საწარმოების რაოდენობით საქართველო ლიდერობს. რუსული კომპანია Finion-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გასულ წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა 13 000 იყო.

საინტერესოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2022 წლის მარტიდან, 2023 წლის ივნისის ჩათვლით, 19 826 რუსი დარეგისტრირდა როგორც ინდივიდუალური მეწარმე ). შედარებისთვის, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებისა და ინდმეწარმეების რაოდენობა იყო 7788, ანუ წელიწადში და სამ თვეში (2022 წლის მარტი – 2023 წლის ივნისი) სამჯერ მეტი დარეგისტრირდა საქართველოში.

„საქართველოში კომპანიების ასეთ მასიურ გახსნას რამდენიმე მიზეზი აქვს: რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოდინებას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა… ინდმეწარმეს შეუძლია გადაიხადოს მხოლოდ 1%-იანი საშემოსავლო გადასახადი, ხოლო შპს-ს მფლობელმა შეიძლება არ დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, სანამ ბრუნვა არ მიაღწევს 100 000 ლარს (დაახლოებით 40 000 აშშ დოლარი). გარდა ამისა, საქართველოში რუსებს და ბელორუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვის“, – განუცხადა რუსულ მედიას კომპანია Finion-ის დირექტორმა ვიაჩესლავ კარტამიშევმა.

ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს შემდეგ 2023 წელს რუსების მიერ დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობით ყაზახეთი (6100 რუსული კომპანია) მეორე ადგილზე იყო, სომხეთი (3400 იურიდიული და ინდივიდუალური მეწარმე) და მონტენეგრო (3400 იურიდიული პირი) მესამე ადგილზე . მას მოსდევს სერბეთი (3000 კომპანია), თურქეთი (2750 კომპანია), უზბეკეთი (745 კომპანია).

ზოგადად, 2023 წელს მსოფლიოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების საერთო რაოდენობამ 23 713 შეადგინა.

საქართველოში რუსი მიგრანტების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ასიდან ას ორმოცდაათ ათასამდე რუსი გადმოვიდა საქართველოში.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა 6 მიმართულებით – 31 რუსული შეტევა მოიგერიეს ავდიივკასთან
შემდეგი სტატიაCNN: დასავლური დაზვერვის აზრით, ომი უკრაინაში კიდევ ორი ​​წელი გაგრძელდება