ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას განმარტავს

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს.

ის ამბობს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მთავარი დანიშნულება ადამიანის სიცოცხლის დასაცავად მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებაა, ამიტომ რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა.

რაც შეეხება სამოქალაქო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, მისი თქმით, ეს საკითხი ღიად არის დატოვებული, თუმცა კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა.

“39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად. სტანდარტულად დროებითი ღონისძიება ევროპული კონვენციის მე-2 („სიცოცხლის უფლება) და მე-3 („წამების აკრძალვა“) მუხლებს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია ციხის პირობებში უფლებების დაცვას ეხება. სასამართლოს ზოგადი პრინციპების მიხედვით ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდგ“ 2012 წლის გადაწყვეტილებით ევროსასამართლოსთვის ციხის პირობებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართვამდე საჭიროა შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა. მოცემულ შემთხვევაში დროებითი ღონისძიების გამოყენება მიუთითებს, რომ სასამართლომ მ. სააკაშვილის ადვოკატების მიერ ამ მიზნით მიღებული ზომები საკმარისად ჩათვალა”, – წერს წოწორია.

ყოფილი ევრომოსამართლე მთავარ საკითხებზე რამდენიმე კომენტარს აკეთებს:

სასამართლომ მ. სააკაშვილს მოუწოდა (დაჟინებით სთხოვა) შეწყვიტოს შიმშილობა. მსგავსი პრეცედენტები არსებობს პრაქტიკაში. უდაოა, რომ სასამართლომ მოსარჩელის შიმშილობა ეჭვგარეშედ მიიჩნია. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მ. სააკაშვილმა გაითვალისწინოს სასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა.
მთავრობამ სასამართლოს უნდა აცნობოს მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ – ინფორმაციის მოთხოვნა ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
მთავრობამ საპყრობილეში ყოფნისას ზოგადად უნდა უზრუნველყოს მ. სააკაშვილის უსაფრთხოება. ამით სასამართლო პრინციპში აღიარებს, რომ მისი უსაფრთხოების საკითხი პრობლემურია. არის თუ არა დარღვევა ამას საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგენს.
მთავრობამ მ. სააკაშვილს უნდა გაუწიოს სათანადო (appropriate) სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. ცნობილია, რომ შიმშილობის შეწყვეტა განსაკუთრებულად სამართავი პროცესია. ამ მითითებით სასამართლო ხაზს უსვამს სახელმწიფოს სპეციფიურ ვალდებულებაზე. მ. სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში რამდენად იქნება გაწეული მკურნალობა კონვენციის შესაბამისი და მიიჩნევა თუ არა მე-18 დაწესებულება „სათანადოდ“, მომავალი გვიჩვენებს.
სამოქალაქო ჰოსპიტალში მ.სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული. კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა. მ. სააკაშვილის ადვოკატებს სრული საფუძველი ჰქონდათ, რომ ადექვატურ სამედიცინო დაწესებულებად მხოლოდ სამოქალაქო ტიპის ჰოსპიტალი მიეჩნიათ და ამ მოთხოვნით მიემართათ სასამართლოსთვის. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სასამართლო 39-ე წესის აღსრულების ყველა საკითხს, მ.შ. საავადმყოფოს ნაწილს, მხარეების მიერ 24 ნოემბრისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიუბრუნდება. ცხადია, მას უფლება აქვს დროებითი ღონისძიების პირობები შეცვალოს.
გარდა ამისა, ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პრიორიტეტად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიხადოს და შეწყვიტოს ის “აღვირახსნილი კამპანია”, რასაც აქამდე აწარმოებდა.

“იმედია, დროებითი გადაწყვეტილების სულისკვეთება, სასამართლოს მიმდინარე ზედამხედველობა და საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება მთელს ამ პროცესს ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს”, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის აქციებზე დაკავებულების ნაწილი რეგიონების იზოლატორებში გადაიყვანეს – ერთ-ერთმა მათგანმა შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში გააკეთებს ვრცელ განმარტებას