ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველოს დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობით მისცეს ხმა იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის განხილვისას საქართველოს დელეგაციის წევრებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს და განაცხადეს, რომ ის მიზეზები, რის გამოც რუსეთს ასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვა, არ აღმოფხვრილა. კენჭისყრისას რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს დავით ბაქრაძემ, გიორგი კანდელაკმა, სოფიო ქაცარავამ, ნინო გოგუაძემ და ირინა ფრუიძემ.

„21-ე საუკუნეში ჩვენ კვლავ განვიცდით ოკუპაციას, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, ასიათასობით დევნილი კი დღემდე ელოდება სახლებში დაბრუნებას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთს ოდესმე რაიმე რეკომენდაციის ან საერთაშორისო ვალდებულების შესრულება, რომ მონდომებოდა, დავინახავდით მცირე პროგრესს მაინც, თუმცა ამას საერთოდ ვერ ვხედავთ.

გიორგი კანდელაკმა კი განაცხადა, რომ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ევროსაბჭომ აპატია რუსეთს დონბასში 12 ათასი უკრაინელის მკვლელობა.

რუსეთმა არ შეასრულა არც ერთი მოთხოვნა და თუკი მის დაბრუნებას მხარს დავუჭერთ, ნიშნავს, რომ მას ყველაფერი აპატიეთ – ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის მიმართვა ევროსაბჭოს დეპუტატებისადმი.

„რამდენიმე დღის წინ თბილისში პრო-ევროპული დემონსტრაციები დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ხალხი გაბრაზებულია ჩვენს მთავრობაზე. ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. ამაზე რუსეთის რეაქცია იყო ის, რომ მოსკოვმა რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალა.

რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ, რუსეთი სისუსტედ და შემდგომი აგრესიული ქმედებისთვის მიპატიჟებად აღიქვამს. გარწმუნებთ, რომ მიუხედავად აქ გაკეთებული განცხადებებისა, რუსეთი ჩათვლის, რომ მას აპატიეს ის ქმედებები, რის გამოც მას ხმის უფლება ჩამოერთვა. რუსეთმა არ შეასრულა არც ერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და არ გაუუქმებია ყირიმის ანექსია. თუკი რუსეთის დაბრუნებას მხარს დაუჭერთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რუსეთს უკრაინაში 12 ათასი ადამიანის მკვლელობა და სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება აპატიეთ.“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

გვიან ღამით, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერია.

დოკუმენტის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ.

რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, ასევე ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის მთელმა დელეგაციებმა.

საბოლოო ჯამში, სულ რეზოლუციას ასამბლეის 118-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 62 დელეგატი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაშიყანჩელი: ჯანმრთელობა რომ არა, მე დღეს ახალგაზრდებთან ერთად ვიდგებოდი პარლამენტთან
შემდეგი სტატიაკაციტაძე: ნულოვან ბარიერში არავითარი ნაღმი არ დევს