კაციტაძე: ნულოვან ბარიერში არავითარი ნაღმი არ დევს

ნულოვან ბარიერში არავითარი ნაღმი არ დევს, როგორც ამას ზოგი პოლიტიკოსი ამბობს, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

ამასთან, მან განმარტა, რომ ნულოვანი ბარიერი ბუნებაში არ არსებობს და ეს არის ბუნებრივი ბარიერი – 0,67 პროცენტი.

„რაც შეეხება იმას, რომ ნულოვანი ბარიერი დამღუპველია, ზოგი ექსპერტი გამოდის, ყველაფრის ექსპერტები რომ არიან, ზოგი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამაში ნაღმი დევს და პარტიებს გაყიდიან და იყიდიან, ყველას გასაგონად შემიძლია ვთქვა, არაფერი ნაღმი არ დევს. თუ ყიდვა-გაყიდვაზეა საუბარი 3 პროცენტსაც იყიდი, 5 პროცენტიც ნაყიდია და კიდევ ბევრ პროცენტიანს იყიდი თუ გამყიდველი ხარ. ამის მიღმა არაფერი დევს თუ არის წმინდა პოლიტიკური ბრძოლა“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისი შეფასებით, ამ სისტემას პრაქტიკულად დანაკარგი არ აქვს.

„ეს არის სისტემა, რომელსაც პრინციპში, დანაკარგი არ აქვს. საზოგადოებაში რა განწყობებიც არსებობს, პარლამენტში ის განწყობები აისახება. ჩვენ თანამშრომლობას ვისწავლით. საქმე ბოლომდე მისაყვანია და პროპორციული სისტემა მაქსიმალურად ზუსტი და უნაღმო უნდა მივიღოთ“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, მმართველ გუნდთან კონსულტაციების და შეხვედრის გარეშე საქმე არ წყდება. არც განაღმვა და არც გადაწყვეტილების მიღება.

„საფოსტო მტრედებით ვერ შევატყობინებთ ინფორმაციას. როგორც იქნა, საქმე იქამდე მივიდა, რომ „ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება და ახლა აქედან გაჭედოს ვინმემ? როგორ გეკადრებათ, მთავარია, იქიდან რას გამოვადნობთ, გაჭედვას ყოველთვის მოვასწრებთ. ასევე მაგიდის აყირავებას ყველა მოასწრებს, მაგრამ მთავარია, მაგიდა არ აყირავდეს და ხელისუფლება აყირავდეს“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

 

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველოს დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს