“ევროპული საქართველოს” კრიტერიუმები: “თუ სტრასბურგს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რომელიმე მოსამართლეს, ის ვერ უნდა გახდეს უზენაესის მოსამართლე”

“ევროპული საქართველო” აქტიურად ითანამშრომლებს ნაზი ჯანეზაშვილთან ვინაიდან ეს არის პარლამენტიდან არჩეული იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. გვიხარია, რომ ის აქტიურად იბრძვის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის’’ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას

“რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, “ევროპულ საქართველოს” აქვს თავის წინადადებათა პაკეტი, თუ რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს იმ კანდიდატისთვის, ვისაც სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების წინადადებებს, მე ვიცნობ პროექტს, რომელიც მათ საბჭოსთვის ჰქონდათ მომზადებული. გავეცნობი პროექტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან.

უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, ჩვენს კრიტერიუმებს, რასაც ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა აისახოს კანონმდებლობაში. ამავე დროს, ვითანამშრომლებთ არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველთან, რათა საზოგადოებამ მიიღოს უკეთესი სასამართლო სისტემა.

ერთ-ერთი კრიტერიუმი შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რომელიმე მოსამართლეს, ის ვერ უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ობიექტური კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ საზოგადოებას’’ განაცხადა ოთარ კახიძემ

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ თეა წულუკიანის ირლანდიაში ვიზიტზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
შემდეგი სტატიათებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ – სერგეენკო