“ევროპის უნივერსიტეტის“ ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

„ევროპის უნივერსიტეტის“ ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია “სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“ მიმდინარეობს.

კონფერენციაში მომხსენებლები პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ჩინეთიდან, მალაიზიიდან და ინდოეთიდან მონაწილეობენ და მისი მიზანია განათლების მკვლევარების, ექსპერტებისა და პროფესიონალებისთვის აკადემიური პლატფორმის შეთავაზება, სადაც განიხილავენ და გაუზიარებენ განათლების სფეროში დღეს არსებულ გამოწვევებს განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც სწავლა სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა და მონაწილე ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.

“მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მიუხედავად მსოფლიო გამოწვევევებისა, რომელიც დღეს გვაქვს Covid19-ის პანდემიის პირობებში, “ევროპის უნივერსიტეტი” ახერხებს ახალი აკადემიური და სამეცნიერო ინიციატივების შემუშავებას და ეს კონფერენცია არის მტკიცებულება ჩვენი წარმატებული ძალისხმევისა, რაც რეალურად ასახავს ჩვენს ინსტიტუციურ ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს.

განათლება და კვლევა, სწორედ ამას გვინდა მივუძღვნათ თავი “ევროპის უნივერსიტეტში”. სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ თანამედროვე წამყვანი ქვეყნების უმრავლესობამ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა შეძლო, წარმატებული განათლების სისტემის ჩამოყალიბების პარალელურად. დღეს, საქართველო იგივე გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას, თანამედროვე დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე; საქართველოს უნივერსიტეტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რათა მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს ამ ძალისხმევაში. ეს არის განსაკუთრებული ამოცანა, რომელიც შეესაბამება ჩვენი უნივერსიტეტის ხედვას და მისიას“, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.

კონფერენცია ერთდღიანია და დღის ბოლოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“