ევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წ.წ. სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ქ. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრების დროს განხილული იქნა საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა.

აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ ისაუბრეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობაზე. გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით და ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და ევროპის საბჭოს პროექტების კოორდინატორებმა დეტალურად ისაუბრეს გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ პროექტებზე და იმედი გამოთქვეს, რომ ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები მხარს დაუჭერენ აღნიშნული პროექტების განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების დელეგაციებთან და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირებთან. შეხვედრის მონაწილეებს სხვა საკითხებთან ერთად მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: საქართველო კორუფციის დაბალი დონით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა
შემდეგი სტატიაიმერეთის რეგიონში წელს 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა