ეკა გიგაური: საქართველო კორუფციის დაბალი დონით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა

საქართველო კორუფციის დაბალი დონით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა და ის რეფორმები, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ დაიწყო კორუფციის ბრძოლის წინააღმდეგ, დღესაც არის ეფექტური, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა იმ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორუფციის დონეს შეეხება.

ეკა გიგაურის თქმით, კვლავ რჩება პრობლემა მთავრობის მხრიდან კორუფციის ფაქტებზე რეაგირების და ამ მიმართულებით მთავრობის მიმართ გარკვეული რეკომენდაციები აქვს.

„მოქალაქეებს არ უხდებათ ქრთამის გადახდა, როდესაც მათ უნდათ რაიმე დოკუმენტის აღება, თუმცა მოქალაქეები უარყოფითად აფასებენ მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკას და მათი მხრიდან ეფექტურ რეაგირებას კორუფციულ ფაქტებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ რეაგირება მოახდინოს მედიის და არასამთავრობოების მიერ მომზადებულ ინფორმაციაზე სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, მთავრობამ ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ მათ ექნებათ შეხება კორუფციასთან. გვაქვს რეკომენდაცია, რომელიც ეხება კორუფციის ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური მექანიზმების შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად იყოს გარანტირებული პროკურატურის და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ჩვენი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური და მამხილებელთა ინსტიტუტის ეფექტურად ამოქმედება”, – -აცხადებს გიგაური.

„კორუფციის გლობალური ბარომეტრის“ 2016 წლის რეგიონული კვლევის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ევროპისა და ცენტრალური აზიის 42 ქვეყნის თითქმის 60 000 მოქალაქე გამოკითხა, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოცდილების, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტში კორუფციის დონისა და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობის თაობაზე.
კვლევის თანახმად, ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12 % ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიუზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საქმე განსახილველად მიიღო
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წ.წ. სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს