ევროპაში სხვადასხვა საარჩევნო სისტემა არსებობს, უფრო მეტად მაჟორიტარული, მეტად პროპორციული, – ეს თქვენი გადასაწყვეტია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 9, 2019 22:35

ევროპაში სხვადასხვა საარჩევნო სისტემა არსებობს, უფრო მეტად მაჟორიტარული, მეტად პროპორციული, – ეს თქვენი გადასაწყვეტია

ყურადღებით ვაკვირდებით მოლაპარაკებებს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის თქვენი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომელიც თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ესწრება.

„ეს არის საშინაო საკითხი. ქვეყნის საარჩევნო სისტემა არ არის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თქვენი ქვეყნის ვალდებულების ნაწილი. ეს არის საშინაო საკითხი. ევროპაში სხვადასხვა საარჩევნო სისტემა არსებობს, უფრო მეტად მაჟორიტარული, მეტად პროპორციული, – ეს თქვენი გადასაწყვეტია. ეს სრულად შიდა საკითხია. ჩვენ, როგორც „ევრონესტმა“, უნდა უზრუნველვყოთ ის, რაც ჩვენს საერთო მიზნებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ევროპაში გვაქვს ბევრი მაჟორიტარული სისტემა, როგორიცაა ბრიტანული, ასევე ბევრი პროპორციული, როგორც ჩემს ქვეყანაში, ესპანეთში. ეს საკითხი არ არის „ევრონესტის“ კონფერენციის დღის წესრიგში, თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკოსები, ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ, თუ რა მოხდება და ვაფასებთ ევროკავშირის ელჩის ძალისხმევას“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

კითხვაზე, რომელი სისტემაა უფრო უკეთესი, ევროპარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ყველა ლეგიტიმურია, თუმცა ბოლო დროს ტენდენცია პროპორციულისკენ არის.

„ყველა ლეგიტიმურია, თუმცა მსოფლიოში ბოლო დროს ტენდენციაა პროპორციული სისტემისკენ, რადგან განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში არის ტენდენცია პრეზიდენტის ძალიან ძლიერი ინსტიტუტის, რაც პარლამენტის როლს ძირს უთხრის. ამ მიზეზით მსოფლიოში არის ტენდენცია საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის, ან უფრო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის. თუმცა, ყველა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, როდის შეცვალოს. მე ვიცი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლა, რაც თქვენი საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია. ვიცი, რომ გრძელდება დისკუსია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომავალ წელს გადმოწევის შესაძლებლობაზე. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ მოლაპარაკებებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის თქვენი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 9, 2019 22:35