“საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის ნაცვალგების შესახებ, რადგან არ არის სიტყვა საქმეზე უფრო ბრძენი და სასარგებლო”

“საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის ნაცვალგების შესახებ, რადგან არ არის სიტყვა საქმეზე უფრო ბრძენი და სასარგებლო”.

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული).

სადღეისოდ, თანამედროვე ქართულ რეალობაში, კერძოდ კი იერარქიაში, გამეფებულია ორაზროვანი ჰომილეტიკა, ანუ ბუნდოვანი მქადაგებლობა, სადაც დღენიადაგ წარმოდგენილია ხოლმე ორმაგი სტანდარტი, ფარდობითი პოზიცია და გაურკვეველი აქცენტები.

დიპლომატიური ნატურისა და ფარისევლური ყაიდის ადამიანები მუდმივად აპელირებენ “ახლებურ იდეებსა თუ პროგრესზე”, ხოლო მიზნებისა და ამოცანების განხორციელების წინაღობად, ხშირად, სავსებით სამართლიანადაც კი მოიაზრებენ ხოლმე საბჭოთა მემკვიდრეობის დანალექებს, მენტალურ-მსოფლმხედველობრივ პრობლემებს და ცდილობენ, რომ როგორმე გამონახონ “ხავერდოვანი, უმტკივნეულო, ჰარმონიული, კომფორტული და უკონფლიქტო” გზა და აუღელვებლად მივიდნენ ადრესატამდე.

გამოჩენილი ფილოსოფოსი სიორენ კირკეგორი გვარწმინებს: “გზა კი არ არის ვიწრო, არამედ სივიწროვეა გზა”! დიახ, სწორედ რისკი, გამბედაობა, დისკომფორტი და ეკლიან ბილიკზე სიარულია ჭეშმარიტი გზა მშვიდობისაკენ და არა ლოიალური, კონფორმისტული, ეგოისტური და “შეუწუხებელი” ყოფა!

საერთოდ, ვერ ხვდებიან ერთ უმნიშვნელოვანეს და საგულისხმო მომენტს ჩვენი მღვდელმთავრები: პათეთიკის, დიდაქტიკის, ბელეტრისტიკისა და თამადობის დრო წავიდა. ახლა კონკრეტული, მკაფიო და მართლმკვეთელი ნაბიჯების დროა, მითუფრო იმ ფონზე, როცა უზნეობა, უკანონობა და უწესობა ქმნის დღისწესრიგს ეკლესიაში და ასეთ დროს რაღაც განყენებულ, ჰიპოთეტურ, ილუზორულ და გამოგონილ მტრებს კი არ უნდა დავუპირისპირდეთ, არამედ ცხვირწინ არსებულ პრობლემათა სათავეს, ხილულ და ცოცხალ ობიექტს ვინც კლიმატს ქმნის და ვინც არის ყოფითი მიზეზ-შედეგობრიობის განმსაზღვრელი ამ ინსტიტუციაში. ამიტომ, გაუგებარია ნახევრადსიმართლის პოზა სადაც საქმეები პასიურ და ინდიფერენტულ რეჟიმშია. იგი, თავისი არსით, საბოლოო ჯამში, მაინც ვერაფრით აღემატება ტოტალური სიცრუის გესლს და თავადვეა ირიბი თუ პირდაპირი მსახური საკუთრივ სიცრუისა! როგორც ბიბლიური სოლომონი იტყოდა: “ცრუ ბაგენი სძულს უფალსა, ჭეშმარიტებით მოქმედნი კი მისთვის სასურველია” (იგავნი 12,22).

ამრიგად, საჭიროა: ქმედება და არა სიტყვა-კაზმული რიტორიკა, ჯვარცმა და არა ფუფუნება, ვაჟკაცობა და არა უბრალოდ ბიოლოგიური მამაკაცობა, კონკრეტული მხილება და არა აბსტრაქტული მეზღაპრეობა, პატიოსანი მოქალაქეობა და არა პირად ამბიციებზე ზრუნვა, კეთილშობილური პრიზმა და არა ინტელექტუალური ყეყეჩობა! ვისაც სურს იყოს წარმატებული, დაწინაურებული და ძლიერი, დაე მისდიოს ბიბლიური ოსიას წინასწარმეტყველებას – “თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ” (10,12).

თავისუფლებაზე, დემოკრატიულ თუ ლიბერალურ ფასეულობებზე მუდმივი საუბარი ფუჭია, როცა ღირსებას თმობ ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. ძნელია ასეთი ადამიანების მიმართ გაგაჩნდეს პიეტეტი და პატივისცემა. უბრალოდ მოსაბეზრებელი ხდება მათი მოსმენა, რადგან იმთავითვე ხვდები, რომ მათი სიტყვა თუ აღებს ერთ კარს, ათი დახურული ხვდება შემდეგ, რადგან აბდაუბდა პათოსი აქვს ჩანასახშივე და თვითონაც არ სჯერა იმის, რასაც ლამაზად აცხადებს. მართალი იყო ბენჟამინ ფრანკლინი: “ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების”!

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე ვდგავარ მეუფე პეტრეს გვერდით, რადგან იგი ერთადერთი აღმოჩნდა ვინც სიმართლისათვის თავი უანგაროდ შეწირა, დათმო კომფორტული ზონა, სტატუსი თუ პატივი და ნებაყოფლობით ჩადგა საღვთო წესრიგის დამყარების ეკლიან ჯაგებში.

საოცარი სიტყვები სთქვა ნაპოლეონმა: “დაეხმარეთ ძლიერებს და ნიჭიერებს, უნიჭოები და ქვემძრომები თავად გაიკვლევენ გზას”! სწორედ ამის გათვალისწინებით ვარ იქ, სადაც ვხედავ ჯანსაღ სიძლიერეს, გულწრფელობას, უზაკველობას, პირდაპირობას, თავდადებას და სიტყვის – საქმესთან ტოლსწორობას! ცბიერება და ორპირობა ვერასოდეს გაიმარჯვებს, რადგან ვისაც სურს მიზანში მორტყმა, ჩახმახსა და სამიზნეს ერთად უნდა ფლობდეს, მხოლოდ ჭოგრიტით, გარედან ყურება სულმდაბალი არსებების საქმეა! ამდენად, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით: “უმჯობესია, არა – სიტყვით მბრწყინავი სიბრძნე, არამედ – საქმით დამოწმებული”.

გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება
შემდეგი სტატიაევროპაში სხვადასხვა საარჩევნო სისტემა არსებობს, უფრო მეტად მაჟორიტარული, მეტად პროპორციული, – ეს თქვენი გადასაწყვეტია