ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესრელიზს ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2019 19:25

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესრელიზს ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესრელიზს ავრცელებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს.

24 აგვისტოს შემდეგ მისია მუდმივად წარმოდგენილია ადგილზე. მედიის მხრიდან სიტუაციისადმი ინტერესის გამო და გავრცელებული ზოგიერთი არაზუსტი ცნობის გასაქარწყლებლად, მისიას სურს, გააზიაროს შემდეგი ინფორმაცია.

გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში მისიამ შენიშნა საღებავებით მონიშნული ხეები წნელისისა და ჩორჩანას შორის რაიონში. მისია აფასებს ამას როგორც „ბორდერიზაციის“ მახასიათებელს. ამის მიუხედავად, აღნიშნულ მონიშვნებზე არც ერთ მოქმედ მხარს პასუხისმგებლობა არ აუღია.

20-24 აგვისტოს შორის სოფელ წნელისის შემოგარენში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ახალი ქართული სადამკვირვებლო პოსტი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, პოსტი განთავსებულია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრში თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირას შექმნა ახალი პოზიციები და განათავსა ბორდერიზციის რამდენიმე ნიშანი, მათ შორის „მწვანე ნიშანი“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თბილისის მიერ ადმინისტრირებულ მხარეზე.

აღნიშნული ნიშნები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს 1,3 კილომეტრითაა დაშორებული. ამავე დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩორჩანას ტყის რაიონში ასევე გააძლიერა თავისი ყოფნა.

მისია აღნიშნავს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში შეიარაღებული ძალოვანი აქტორების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობაა.

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ რამდენიმე ახალი პოზიციის შექმნა, ასევე შეიარაღებული პერსონალის კონცენტრაცია დაპირისპირების ალბათობას ზრდის და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გასაცვლელად და საკითხებზე რეაგირებისთვის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

ამასთან, ნათქვამია, რომ 29 აგვისტოს შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ დაძაბულობის განსამუხტად და დეესკალაციისთვის შესაძლო კონკრეტული გზების განსასაზღვრად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოთხი რიგგარეშე ტექნიკური შეხვედრა გამართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ერგნეთში 13 სექტემბერს შედგა, რომელიც პროფესიონალურ ატმოსფეროში გაიმართა, თუმცა პოზიციები ურთიერთსაწინააღმდეგო დარჩა. პოზიტიურია, რომ ყველა მონაწილემ დაადასტურა ზოგიერთი საბაზისო პრინციპის მხარდაჭერა ჩორჩანა-წნელისის რაიონში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მზადყოფნა გამოთქვა მშვიდობიანი დარეგულირების გზის მოსაძებნად. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები აისახოს ადგილზე ფაქტობრივ ქმედებებზე.

მისია ასევე აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ორი გამშვები პუნქტი, ოძისი და სინაგური 2019 წლის 4 ოქტომბრის 20:00 საათის შემდეგ დაკეტილი რჩება. არ ყოფილა კონკრეტული მინიშნება, თუ როდის გაიხსნება ისინი, ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა პუნქტების დაკეტვა ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირეს.

„მისია აღნიშნულ ზომებს განიხილავს როგორც გადაადგილების დამაზარალებელ შეზღუდვას, რაც უარყოფითად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი აზარალებს ახალგორის ველზე მცხოვრებ მოსახლეობას ან იმ პირებს, ვისაც ახალგორის ველზე რეგულარულად უწევთ მიმოსვლა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, დახურული გამშვები პუნქტების გავლით ორივე მიმართულებით დღეში 400-მდე გასვლა ხორციელდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2019 19:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,057
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics