ევროკავშირის ელჩი ქართული ოცნების ოფისში მივიდა, სადაც იმყოფება ივანიშვილიც

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარ ჰარცელი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მივიდა. შენობაში მისი შესვლის კადრებს ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.

პარტიის ოფისში იმყოფება ბიძინა ივანიშვილიც. ქართული ოცნების თავმჯდომარე შენობაში ცენტრალური შესასვლელით შევიდა და კამერებთან გაიარა. სხვა დროს, ივანიშვილი პარტიის ოფისში, ძირითადად, სათადარიგო შესასვლელიდან, პარკინგის გავლით შედის.

უცნობია, შეხვდება თუ არა ელჩი ბიძინა ივანიშვილს და რა თემებზე ისაუბრებს. ტაბულა დაუკავშირდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურს, სადაც ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ.

14 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნით ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

პარლამენტთან აქციები განახლდა. ოპოზიციური ფლანგი და სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” მთავარ მოთხოვნაზე – ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდნენ.

 

ფოტო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბურჯანაძე : საარჩევნო პროცესში თანასწორობა ყველაზე კარგად პროპორციული სისტემით არის შესაძლებელი
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა