ევროკავშირი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

თბილისი 29/10/20: ევროკავშირი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება. შაბათს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.

მიზანი საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) სადამკვირვებლო მისიის დახმარებაა.

„ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. არჩევნების დღეს, ჩვენ ვიკისრებთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგის უპრეცედენტო როლს. შაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ევროპელ დიპლომატთა გუნდი ფართომასშტაბიან, კოორდინირებულ დაკვირვებას განვახორციელებთ. ყველა ერთად 70–ზე მეტი გუნდის მობილიზებას შევძლებთ და ქვეყნის მასშტაბით 1000 – ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივალთ,“ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ევროპელ დიპლომატთა გუნდი შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან, მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები. ეს სადამკვირვებლო ინიციატივა სხვა საელჩოებთან, კერძოდ აშშ–და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელდება.

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების სრული ვერსია ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის შესახებ იხილეთ აქ: https://europa.eu/!tg64cK (https://bit.ly/3e8DpNn HD ფორმატი)

არჩევნები მოახლოვდა და ალბათ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას თითქმის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაუჭირა მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც მოახლოებული არჩევნები ეფუძნება ახლა ფართო მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს, რაც პოლიტიკური პროცესების ერთიანობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ამ შეთანხმების წყალობით, პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე პოლიტიკური პარტიების არე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც ხელს უწყობს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ამომრჩეველთა ნების უფრო მკაფიო ასახვას. ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ფასეულობაა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება უფრო კონსტრუქციული დებატების წარმართვა პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით და კონსენსუსის მიღწევის გაუმჯობესებული კულტურა, რადგან ეს ქვეყანა 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადადის.

არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) შუალედური ანგარიშის მიხედვით, ოდირის ადრინდელი რეკომენდაციების შესრულების შედეგად, არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. თუმცა, მყარი სამართლებრივი საფუძველი მაინც არსებობს. ახლა მთავარია მისი ეფექტიანად განხორციელება და აღსრულება.

ადგილობრივმა სადამკვირვებელო ჯგუფებმა არაერთი ინციდენტისა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ განაცხადეს. ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება, მინდა მხოლოდ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ყველა ამგვარ შემთხვევაზე სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება, საარჩევნო დღის შემდეგ პერიოდშიც. გამჭვირვალე და ეფექტიანი საგამოძიებო რეაგირება სრული საარჩევნო პროცესის ნაწილია და გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შეფასებასა და მომავალი არჩევნებისთვის სტანდარტის დაწესებაზე.

მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება. ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად.

ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებაა. მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო; ამ მიზნის მიღწევა, ახლა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ყველა ამ ასპექტს, მათ შორის ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლოგუნდის მიერ არჩევნებზე დაკვირვების საშუალებით უშუალოდ არჩევნების დღეს.

banner
წინა სტატიაშიბუბა კიკაბიძე: ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმიტომ ვიმღერე, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი – შაბათს, როდესაც დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დაბრუნდებიან, შევაგროვებთ ინფორმაციას, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე