„ეს არის სამეგრელოს გუბერნატორისა და თამაზაშვილის სქემა!“ – ვინ აკონტროლებს თხილის ბიზნესს გალსა და ზუგდიდში?!

shoniaრამდენიმე დღის წინათ ზუგდიდში აქცია მოეწყო, სადაც, ადგილობრივებთან ერთად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ისინი თხილთან დაკავშირებულ ბიზნესზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ აიძულებენ, კუთვნილი მოსავალი გასაყიდად ზუგდიდში კი არ გადმოიტანონ, არამედ გალში ე. წ. მაყურებლებს ჩააბარონ. როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ის დიდი ხანი მუშაობდა იმ სქემის ამოხსნაზე, რაზედაც მოსახლეობა ჩივის. მისი თქმით, კონტრაბანდული ბიზნესი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და თამაზ თამაზაშვილმა მას შემდეგ განაახლეს, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.

„ქრონიკა+“-ს ანი წითლიძე ესაუბრება: 

_ ზუგდიდში აქცია კი ჩატარდა 2 დღის წინ, მაგრამ ეს ამბავი ახლა არ დაწყებულა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობამ მოგვმართა და დახმარება გვთხოვა. განსაკუთრებით გვიკავშირდებოდნენ მოქალაქეები გალიდან და მიმდებარე სოფლებიდან. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ თხილთან დაკავშირებით რაღაც საოცრებები ხდებოდა და კონკრეტულ ადამიანებს ასახელებდნენ. მაგალითად, დათო შენგელიას, ყოფილი „ტყის ძმების“ მეთაურს, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლებში, თავისი მაყურებლები ჰყავდა, რომლებიც ამ ხალხს აიძულებდნენ, ზუგდიდში კი არ გადმოეტანათ თხილი, არამედ მათთან ჩაებარებინათ. ოკუპირებულ ტერიტორიასთან შედარებით ზუგდიდში თხილის უფრო მაღალი ფასია. როდესაც მოსახლეობა ამაზე არ თანხმდებოდა და აქეთ გადმოტანას ცდილობდა, რუსი ოკუპანტებისგანაც წინააღმდეგობა ხვდებოდათ, რადგანაც ისინი ყოველ 5 კგ თხილზე ბაჟის გადახდას ითხოვდნენ. ეს იმხელა თანხა იყო, იძულებულები იყვნენ, ისევ მაყურებლებთან ჩაებარებინათ. ისინი ასევე გვეუბნებოდნენ, რომ გალში არის თხილის ქარხანა, რომელიც დათო შენგელიას და ერთ-ერთ „კანონიერ ქურდს“ ეკუთვნის, რომლის წილში არაფორმალურად არის გუბერნატორი ლევან შონია, თავის ძმასთან _ მამუკა შონიასთან ერთად. ამ ყველაფრის გამოძიება გადავწყვიტეთ, თუ როგორ ხდებოდა მოსახლეობის შევიწროება თხილის ჩაბარებასთან დაკავშირებით და მთელი რიგი კონტრაბანდული საქონლის გადმოტანა აფხაზეთიდან ზუგდიდში. ზუგდიდის ბაზარში რომ გაიაროთ, უამრავ კონტრაბანდულ საქონელს ნახავთ. გარდა ამისა, ქუჩებში ყიდიან, მანქანების საბარგულებით შემოაქვთ. ყველა ვხვდებოდით, რომ ამის გადმოტანა ასე ადვილად არ შეიძლება. უნდა გამოგატარონ აფხაზებმა და რუსმა ოკუპანტებმა, შემდეგ ქართულმა მხარემ, 4 ძალოვანი სტრუქტურა იცავს ამ საოკუპაციო ზოლს და ეს ასე ადვილად ვერ შემოვა. მაშინვე დავიწყეთ საუბარი გუბერნატორ შონიას კორუფციულ ინტერესებზე და ნეპოტიზმზე, ამან კი, საბოლოოდ, იქამდე მიგვიყვანა, რომ მთელი დიდი სქემა ვნახეთ, რომელიც სამეგრელოში მოქმედებს.

_ რა სქემაზე საუბრობთ?

_ ეს სქემა, ჯერ კიდევ, 2003 წლამდე არსებობდა. იმ დროს, როდესც შონია გულუას სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო და პირდაპირ, სამსახურებრივად უკავშირდებოდა თამაზ თამაზაშვილს, ეს უკანასკნელი მაშინ კახეთის პოლიციაში იყო. ისინი იმ დროშიც იყვნენ გარეულები კონტრაბანდულ საქმიანობაში და 2012 წლის შემდეგ აღადგინეს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. შონია თამაზაშვილის კლანის წევრად მიიჩნევა. ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს შონია თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში, პრემიერობის დროს კი გუბერნატორად გადაიყვანეს. ამ საქმის განახლება იგივე სქემით დაიწყო, რომელიც 2003 წლამდე სამეგრელოში მოქმედებდა. მაშინაც „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია აკონტროლებდა თხილის ბიზნესს და კონტრაბანდას. ეს სამეგრელოში ყველამ იცოდა, მაშინდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ის მფარველობდა. დღევანდელ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან, გუბერნატორი და თამაზაშვილის კლანი ხელმღვანელობს. დათო შენგელია შონიას ნათესავია _ მისი დეიდაშვილების ბიძაშვილია. შონიას დეიდაშვილები კი, ფრიდონ და ბადურ შენგელიები, რეგიონში განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელობენ. განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველო არის ის სამმართველო, რომელიც ჩვენი მხრიდან ოკუპირებულ ზოლს იცავს. ამის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელია ფრიდონ შენგელია და მეორე განყოფილების უფროსი, რომელსაც უშუალოდ ეხება საოკუპაციო ზოლი, არის ბადურ შენგელია. როგორც აღვნიშნე, ეს ადამიანები გუბერნატორ შონიას ნათესავები არიან, ასევე მისი საახლობლო წრეა და უშუალოდ მისი ნათესავია კიდევ ერთი შენგელია, რომელიც მანამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულოს უფროსი იყო, ახლა საპატრულოს უფროსად მან გიორგი ხურცია გადმოიყვანა, რომელიც გალში მისი მეზობელია, მათ ასევე ოჯახური მეგობრობა აკავშირებთ. იგივე კლანის წევრია და მირონობა აკავშირებს ზუგდიდის პოლიციის უფროსთან, კობა ხარებავასთან, იგივე „კორმასთან“, რომელიც შონიას სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს ე. წ. მილების საქმეში იყო გარეული. ლალი ანთიასთან ერთად ძველი, სახელმწიფოს კუთვნილი, უვარგისი მილების მოპარვაში იყო ბრალდებული. მაშინ ლალი ანთია დაიჭირეს, კობა ხარებავა კი სასწრაფოდ ფოთში გადაიყვანეს, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. მას შემდეგ, რაც შონია გუბერნატორად დაინიშნა, მან ხარებავა ზუგდიდის პოლიციის უფროსად გადმოიყვანა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი არის ზესაშვილი, რომელიც ასევე შონიას კადრია და მისი ახლო მეგობარია. მთელ საკვანძო თანამდებობებზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაგაჯარიმონ, როდესაც ეს საქონელი გადმოგაქვს, ეს ადამიანები მუშაობენ, მისი უახლოესი გარემოცვაა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იცავენ და ფარავენ. იყო შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა კონკრეტულ დროს გვეუბნებოდა, რომ მივსულიყავით და ფოტოები გადაგვეღო, _ როგორ გადმოდიოდენ ტრაილერები, როგორ კვეთდნენ საოკუპაციო ზოლს და როგორ აცილებდა მათ პოლიციის კორდონი. ამას ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიგებთ. თხილთან დაკავშირებულ აქციაზეც ყვებოდნენ ამას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სასაზღვრო ზოლთან ახლოს ცხოვრობენ და საკუთარი თვალით ხედავენ ამ ყველაფერს. მთელი სქემა _ ნეპოტიზმი, ძირითადად, ძალოვნებშია, ადგილობრივ თვითმმართველობაში. მიუხედავად იმისა, რომ შონია აკონტროლებს, თავისი ნათესავები ნამდვილად არ ჰყავს დანიშნული, ძირითადად, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავები არიან. ამაში ფრთხილად არის, მას ურჩევნია, რომ ძალოვან სტრუქტურებს აკონტროლებდეს კონტრაბანდის ბიზნესისთვის, ვიდრე თვითმმართველობაში ვის დანიშნავენ და ვის _ არა. ვინც ჩამოგითვალეთ, ფაქტობრივად, ესენი ყველაზე საკვანძო თანამდებობის პირები არიან იმ საქმეში, რაც მათ ეხებათ. ქვედა რგოლებზე აღარ ვსაუბრობ, ვინ მოთვლის, იმდენი თანამშრომელი ჰყავს დანიშნული ისევ თავისი სანათესავოდან _ ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები… ეს იმდენად ცალკე საკვლევი თემაა, მარტო განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველო რომ ავიღოთ, სადაც მთელი სპეცრაზმი შედის, რომელმაც საოკუპაციო ზოლი უნდა დაიცვას, ძალიან დიდი რაოდენობის თანამშრომელზეა საუბარი. გუბერნატორი ასევე ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას აკონტროლებს. ინფორმაცია გვაქვს, როდესაც ღარიბაშვილის პრემიერობის დროს თამაზაშვილი თვითონ ორჯერ იყო ჩამოსული და ორჯერ გადავიდა გალში. რატომ გადავიდა და რა უნდოდა მას შონიასთან ერთად, ამაზე ინფორმაცია ნამდვილად არ გაგვაჩნია, მაგრამ ის, რომ შენგელიასთან და შონიასთან ერთად იყო, ნამდვილად ვიცით. ალბათ, ყველას ესმის, რომ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია, უბრალოდ, მოქალაქე ვერ გადმოდის, როცა უნდა, მაშინ კეტავენ გამშვებ პუნქტს, რამდენიმე დღის წინათაც ჩაკეტილი ჰქონდათ. ეს საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ რაღაც შეთანხმებაა სპეცსამსახურებთან, ან ვიღაცასთან. იმდენად დიდი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი ამ საქმეში, რომ თავისუფლად ატარებენ კონტრაბანდულ საქონელს. სხვათა შორის, ამ სქემას თვითონაც არ უარყოფენ.

დღეს ინფორმაცია მივიღეთ, რომ შენგელია ზუგდიდს დროებით მოაშორეს. შონიას ძმას ზუგდიდის საკონსერვო ქარხანაში შტაბი ჰქონდა მოწყობილი, სადაც თხილის ქარხნის მეპატრონეებს, მეწარმეებს იბარებდა, ე. წ. პარტიზანული დაჯგუფებები მასთან გროვდებოდა. შონიასთან საკონსერვო ქარხანაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დადიოდნენ, _ შენგელიები, ხურცია და სხვები. როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიციის უფროსი „ტყის ძმების“ ყოფილ მეთაურთან შტაბში რომ მიდის. ამას ხელმძღვანელობს მამუკა შონია, გუბერნატორის ძმა, რომელიც მანამდე აფხაზეთის პოლიციაში იყო, ახლა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანია და ამ ყველაფერს ის აწყობს. ვიცი, რომ ამ ინფორმაციების შემდეგ დათო შენგელიას სახელი ამოტივტივდა და ზუგდიდს მოაშორეს, თქვეს, რომ ოპერაცია გაიკეთა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა. ჩვენი ინფორმაციით, შონიას ცენტრალური ხელისუფლებიდან მოხვდა და უთხრეს, _ რატომ ლაპარაკობენ ამდენს შენს სახელთან დაკავშირებითო?! ამიტომ მისი ძმა დროებით გაარიდეს, თუმცა, შონიას გარდა, მთელი კლანია, რომელიც ამ ყველაფერს აკოტროლებს. შონია მათ კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობის დასალაგებლად და სასაუბროდ სჭირდებათ. ეს არის მთელი სქემა.

_ საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე საუბრობთ…

_ დიახ, ეს იმხელა ბრალდებებია, აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს, რასაც ვამბობ. პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი. აქციაზეც ვთქვი, რომ გვესმის, ფასს, ზოგადად, ბაზარი აკონტროლებს. წინა ხელისუფლებისთვის ყველაფრის დაბრალება რომ შეეძლოთ და მერე რომელი ტყუილი იყო და რომელი მართალი, თვითონაც ვერ არჩევდნენ, მე ამას არ ვიზამ. ფასს აკონტროლებს მსოფლიო ბაზარი, მაგრამ რასაც აკეთებს და აკონტროლებს შონია შენგელიასთან ერთად, ეს სხვაა! მას შეუძლია, თხილის ფასი 2 ლარამდე აკონტროლოს.

_ როგორ?

_ როდესაც აფხაზეთში თხილის დაბალი ფასია, მაგალითად, 3 ლარი, ზუგდიდში კი, 6 ლარი, მაშინ მოსახლეობას ურჩევნია, ეს თხილი ზუგდიდში სხვა გზებით გადმოიტანოს და აქ გაყიდოს, რადგან გაცილებით მეტს იგებს. ამიტომ შენგელიას შეუძლია გააკეთოს ის, რომ 2 ლარამდე აკონტროლოს ზუგდიდში თხილის ფასი. შემდეგ ამ ხალხს უთხრას, _ იცით, რა, ფასი აქაც და იქაც თანაბარია, თქვენ დამატებით კიდევ ბაჟი რომ არ გადაიხადოთ რუს ოკუპანტებთან, იქაურ მაყურებლებს ჩააბარეთ ეს თხილიო. შემდეგ მაყურებლები უზრუნველყოფენ თხილის გადმოტანას. მე პირადად თხილის ქარხნის მეპატრონეებს ველაპარაკე, ჩემთან იყვნენ მოსულები, დახმარება მთხოვეს და მითხრეს, _ ყველაზე დიდი პრობლემა ეს არისო. მათაც ვუთხარი, თუ ისინი არ დაიწყებენ საჯაროდ საუბარს, ყოველთვის შეეცდებიან, რომ შეაშინონ. მე რომ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, გარკვეული იმუნიტეტიც არის, ისინი შეგეხიდებიან ამაში, მაგრამ ამ ადამიანებს პრობლემა აქვთ, დათო შენგელიას და ამ კლანს სამეგრელოში ყველა იცნობს და მათი პრობლემების მოსაგვარებლად, შესაძლებელია, იმაზეც კი წავიდნენ, რომ ვიღაცის სიცოცხლე ხელყონ. ამიტომ მესმის ამ ადამიანების, რომ ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ძირითადი ინფორმაციაა ეს, რასაც მე ვიგებ ადამიანებისგან და იმ მოსახლეობისგან, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვხვდები. გუშინ ერთი მეწარმე მეუბნებოდა, რომ მას სურდა, თხილი თურქეთში გადაეტანა, მასთან ზუგდიდის კონკრეტული მაყურებლები მივიდნენ და უთხრეს, _ ფეხებს მოგატეხთ, თუ მაგ თხილს თურქეთში გადაიტანო. ის იძულებულია, თხილი ზუგდიდში ჩააბაროს იმ ფასად, რა თანხაც მათ აწყობთ.

_ თქვენი დაკვირვებით, რაც ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან წავიდა, თამაზაშვილის კლანს ამ კონკრეტულ სიტუაციაში შესუსტება არ დაეტყო?

_ შემიძლია ვთქვა, შონიას მაგალითზე სამეგრელოს არ დატყობია ის, რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის. ამდენი განცხადების შემდეგ, ალბათ, პრემიერ კვირიკაშვილსაც უნდა მიექცია ყურადღება და უბრალოდ მაინც ეკითხა, _ რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით? მას ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ამ ინფორმაციის მოძიება. ვიცი, რომ შონიას ნამდვილად ჰქონდა პრობლემები და საუბარი იყო მისი სამეგრელოდან გადაყვანის თაობაზე, თუმცა მიზეზად დასახელდა, რომ სამეგრელოში შემცვლელი არ ჰყავდათ. ვფიქრობ, ხელისუფლების მხრდან ეს არგუმენტი ნამდვილად არ არის, თუ ამ ბრალდებებს გავითვალისწინებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც ხდება, ეს მათ რეიტინგზე მოქმედებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. იმ ხალხს, ვისაც აქ ეს ბანდა ავიწროებს, მათთვის კვირიკაშვილი იქნება პრემიერი, თუ ღარიბაშვილი, ნაკლებად საინტერესოა, რადგან რეალურად ხედავენ, რომ მათი პრემიერობის პირობებში პრობლემები ერთნაირად ექმნებათ!

ქრონიკა+“ კომენტარისთვის სამეგრელოზემო სვანეთის გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

_ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ გააჩნია. რომ ჰქონდეთ, დამერწმუნეთ, ნამდვილად იქნებოდა ეს გამოძიებული, მაგრამ არ აქვთ და მცდარი ინფორმაციაა. საბედნიეროდ, საქართველოში დასრულდა დრო, როდესაც ბიზნეს-ინტერესებში ჩართულნი იყვნენ თანამდებობის პირები. ჩვენ გვახსოვს, რომ სამეგრელოში ხელისუფლების ცვლილებამდე თხილის ბიზნესს აკონტროლებდა მიხეილ სააკაშვილის ძმა, ზუგდიდის ცენტრში ჰქონდა თხილის ქარხანა და სწორედ ის განსაზღვრავდა ფასებს. თუმცა ეს დრო დამთავრდა და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, იმავე წელს დაფიქსირდა თხილის ფასზე რეკორდული მაჩვენებელი. იმიტომ, რომ ბაზარი განთავისუფლდა ხელისუფლების მმართველობისგან და ეს ხალხმა პირველივე წელს იგრძნო. დღეს საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოში ეს ბაზარი აბსოლუტურად თავისუფალია. ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ თხილის წვრილ თუ მსხვილ მწარმოებელს, ერევა თუ არა ვინმე მათ საქმიანობაში, ან შემოდის თუ არა თხილი და ჩართულია თუ არა ამ საქმიანობაში გუბერნატორი. ეს არის სიცრუე, მიზანმიმართული კამპანია, რომ გუბერნატორის საქმიანობა იყოს შელახული. თხილის ნებისმიერ მეწარმეს რომ ჰკითხოთ, ფასების რეგულაციაში ერევა თუ არა ხელისუფლება, ან კონკრეტულად გუბერნატორი, უარყოფითად გიპასუხებთ. 130-ზე მეტი თხილის ქარხანაა სამეგრელოში და ნებისმიერ მათგანს შეგიძლიათ ჰკითხოთ. ქალბატონი ანის საუბრები არის ცილისწამება, გუბერნატორის საქმიანი რეპუტაციის შელახვა. მტკიცებულებების გარეშე ჩვენც შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს დავაბრალოთ, რომ მარსზე ჭამს თხილს, მაგრამ ეს ხომ სისულელე იქნება? ასევე არავინ დაიჯერებს მის საუბარს იმიტომ, რომ არც ერთი ფაქტი, მტკიცებულება და ადამიანი არ ჰყავს, ვინც ამას დაუდასტურებს. ასევე, ქალბატონი ანი აპელირებს, რომ თხილის ფასებს გუბერნატორი აკონტროლებსო, ეს ძალიან მარტივად მოგვარებადი ამბავია, ნებისმიერ საერთაშორისო ბირჟებზე, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება, შეუძლია გაიგოს, რა ღირს თხილის მარცვალი და გული. დღევანდელი მონაცემებით, თხილის გულის ფასი მერყეობს 5-დან 6 დოლარამდე, სამეგრელოში გაუტეხავი თხილი ღირს 4,50-ს ზემოთ, ანუ მეწარმემ, რომ 1 კგ თხილის გული მიიღოს, უწევს 3 კგ თხილის მარცვლის შესყიდვა, ამას თვითონ მეწარმეები ამბობენ, ანუ ევროპის ბაზრის ფასებით რეგულირდება აქაც და არაფერ შუაშია ეს ბრალდებები. შეუძლია ნახოს ქალბატონმა ანიმაც და ისე ისაუბროს, თუმცა მას არ სურს იმიტომ, რომ პოლიტიკური ინტერესი აქვს. ერთი ის ტრაილერი გვანახოს, რომლითაც საქონელი გადმოაქვთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაიღოს, თუმცა არ აქვთ, რადგან ეს რეალურად არ ხდება.

  თამარ ბატიაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიკანონიერი ქურდი გია გალსკი რუსეთიდან გააძევეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ “ორფეხოსან ქუჩის აქლემებს” ბრძოლა გამოუცხადა