“ეს არის მისი პირადი რეპლიკა” – ნატალია საბანაძე ჰერბერტ ზალბერის განცხადებას ეხმაურება

ეს იყო ჰერბერტ ზალბერის პირადი რეპლიკა და არ არის ევროკავშირის პოზიცია – ასე გამოეხმაურა გერმანელი დიპლომატის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში.

ნატალია საბანაძის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან ევროკავშირში. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს.

„ეს არ იყო განცხადება, ეს არის მისი პირადი რეპლიკა, ეს ეპიზოდი საკმაოდ არასასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იყო შემაშფოთებელი. ყველა დიპლომატიური არხით მივიტანეთ ევროკავშირის ყურამდე ჩვენი შეშფოთება. მათი რეაგირება იყო ის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია და ბატონი ზალბერის ეს სპონტანური რეპლიკა შესაბამისობაში არ მოდის იმ პოზიციასთან, რომელიც მათ აქვთ,“ – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს, დღეს თბილისში ელოდებიან. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოვა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. შემდეგ კი ზალბერი გალში, ოკუპაციის ხაზზე 3 საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის პროცესს დაესწრო.

წყარო “რუსთავი 2”

banner
წინა სტატიაშიიმედია, ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება