ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების შესაძლებლობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების შესაძლებლობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.

დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრების პერსპექტივები, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა, რომელიც კავშირშია SEPA-ში გაწევრიანებასთან.

ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წევრების, დარგის ექსპერტების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით 2021 წლის 26 მარტს შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით.

,,საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ის გაამარტივებს საბანკო გადარიცხვებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სუბიექტებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს მიერ SEPA-ში გაწევრიანებისთვის გადასადგმელი ნაბიჯებისა და კონკრეტული დადებითი შედეგების განსასაზღვრად, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანების კრიტერიუმებისა და სამართლებრივი წინაპირობების, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დარგის ექსპერტების მიერ შემუშავებული წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი SEPA-ს ინსტრუმენტებისა და სტანდარტების, ქვეყნის SEPA-ში გაწევრების კრიტერიუმების, ასევე სქემაში ჩართულ პირებზე SEPA-ს პოტენციური გავლენის თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები ერთიან ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 29 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე: საზღვაო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული პირობების დაცვას
შემდეგი სტატიაCNN-მა გაავრცელა ვიდეო ბუჩადან, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადაუარეს რუსებმა ჯავშანტექნიკით დაღუპულთა ცხედრებს (ვიდეო)