ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 09:00 საათზე დაიწყო. დღესვე, 15:00 საათზე მეორე სესია დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

დედაქალაქში, 175-ე საჯარო სკოლაში პროცესის მიმდინარეობას თვალყურს პირადად ადევნებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, რომლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 20-მდე აბიტურიენტია კორონავირუსით ინფიცირებული, რომელთათვისაც დამატებითი სესია დაინიშნება.

„ზუსტად 09:00 საათზე დასრულდა რეგისტრაცია და დაიწყო საგამოცდო პროცესი ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ცენტრში, თბილისში, მუხიანში მდებარე, 175-ე საჯარო სკოლაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, დაგვიანების შემთხვევა არ გვქონია. სხვა ცენტრებიდან ვაგროვებთ სტატისტიკას და მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ. დღეს გვაქვს მეორე სესიაც, რომლისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე იწყება და აბიტურიენტებს ვთხოვ, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში. ამ ცენტრში, როგორც ვიცი, სიმპტომიანი აბიტურიენტი არ ყოფილა. რაც შეეხება, ინფიცირებულების სტატისტიკას, ამ დროისთვის დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვინც დღეს არ გამოცხადდა კოვიდინფექციის გამო და ჩვენ გვაქვს საშუალება, მათ შევთავაზოთ დამატებითი სესია. ამიტომ, ინფიცირების გამო ისინი არ გამოეთიშებიან წელს საგამოცდო პროცესს. იქნება ერთი სესია, სადაც ჩვენ ამ აბიტურიენტს, რომელიც კონკრეტული საგნის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა, მოვიწვევთ“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საგამოცდო პროცესი მთელი რიგი რეგულაციებით წარიმართება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე და თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით. ამასთან, მაგიდებს შორის დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთი მეტრი. „საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი და წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშილომჯარია – მოვუწოდებ კომპეტენტურ ორგანოებს, გაატარონ ღონისძიებები, რომლებიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას რეალურად დაიცავს
შემდეგი სტატიაფრაქციებმა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს