ფრაქციებმა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს

ფრაქციებმა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციული საპარლამენტო მემორანდუმი გააფორმეს.

ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია შეიქმნას მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ.

მათი განცხადებით, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი მუდმივად იყოს ნატო-ს მაღალი ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში

„საქართველომ და უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანება დასახა ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიის გაძლიერების საფუძვლად. ორი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები ასახულია სახელმწიფოთა კონსტიტუციებში. ორივე ქვეყანას გააჩნია ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციის დაპირება, რომ ჩვენი ქვეყნები გახდებიან ნატო-ს წევრები.

ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის. ჩვენს რწმენას ამყარებს პრაქტიკაც, რომ ნატო გაფართოებისას პრიორიტეტს რეგიონულ დინამიკას ანიჭებს.

ამისათვის, აუცილებელია შევქმნათ მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ. პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

საპარლამენტო დონეზე შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას, როგორც მეგობარ ქვეყნებთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროცესში ჩასართავად მოვიწვევთ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ისევე როგორც ნატო-ს ასპირანტი და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნულ განხილვებს, რათა ყველას მიეცეს პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა. პერიოდულად ინტერფრაქციულ სამუშაო ფორმატში ფართო საზოგადოების ჩართულობით განვიხილავთ პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ნატო-ს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ასამაღლებლად.

ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მუდმივად იყოს ნატო-ს მაღალი ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში“, – ნათქვამია ფრაქციების განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
შემდეგი სტატიასლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა