ეროვნული შეთანხმების დაწყების ინიციატორი არის პრეზიდენტი და მისი პრეროგატივაა, როგორ წარმართავს ამ პროცესს – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული შეთანხმების დაწყების ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი და მისი პრეროგატივაა, როგორ წარმართავს ამ პროცესს.

„ჩვენ არ ვართ ინიციატორები, პრეზიდენტია ინიციატორი, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე მისი პრეროგატივაა ამ პროცესის წარმართვა. ჩვენი ხედვაა, რომ რაღაცების შეფასება და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ამის მიხედვით დასკვნების გამოტანაა საჭირო. მათ შორის დამნაშავეები და დანაშაულებები საჭიროებს შეფასებას. რაც შეეხება „ნაციოანალური მოძრაობის“ მოთხოვნას, ეს მათი დღის წესრიგია, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოითხოვონ, საზოგადოებამ კი იცის, რა მძიმე დანაშაულებები აქვს ამ კაცს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ საზოგადოების რწმენიდან გამომდინარე და რაც მთავარია, სამართლის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საუბრობენ არა შეთანხმებაზე, არამედ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. როგორც კობახიძე მიიჩნევს, პოლარიზაციის ხარისხს არსებითად შეამცირებს „იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალაა“.

„ჩვენ შეთანხმებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. გზა აქეთკენ შეიძლება, იყოს სხვადასხვა. მგონია, რომ მთავარი გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პოლარიზაციის ხარისხის არსებით შემცირებამდე, არის იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამომავლოდ ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად დასუსტდეს. ტენდენცია არის ძალიან კარგი, ტემპიც ძალიან კარგია. მორღვევა, მოშლა – პროცესები, რომლებიც მათ პარტიაშია, უნდა გაგრძელდეს, ეს პარტია უნდა დასრულდეს. ეს არის გზა პოლარიზაციის დაძლევისკენ. მათ შორის ეროვნული თანხმობაც იქნება ბევრად მარტივი იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავითაშვილი – ზურაბ აზარაშვილი არის გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს
შემდეგი სტატიაენმ-ს ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა