ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი დათმობა არ მოხდება, საქართველოს ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული, ასევე შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და დათმობა არ მოხდება.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაისში, თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული, ასევე, ქართული მხარე შეასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს.

„როგორც იცით, საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ამის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი ვუზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს დადგენილი პრაქტიკაა და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა არ მოხდება. სერგეი ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჩვენ გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა არაფერს ცვლის. კარგად ვიცით, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას, თუ მის წარმომადგენლობას – მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება. რაც შეეხება ამ შეხვედრის ჩატარებას, ევროპის საბჭოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება.ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ასევე შევასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.

ამასთან, მიმდინარე წლის 28 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, „საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს.

თუმცა, მოგვიანებით მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ჩატარდება თუ არა გაზაფხულზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში.

ასევე, განმარტეს, რომ ევროსაბჭოს სტატუტიდან და ასევე იმუნიტეტების შესახებ ევროსაბჭოს შეთანხმებიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის დელეგაციისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა, საქართველოსთვის სანქციებით დასრულდება, რაც სურს ოპოზიციას.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის რეგიონში თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიათურნავა ლობისტური კომპანიების დაქირავებაზე: დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას