ექსკლუზივი- მოულოდნელად სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი რაუნდი დაიგეგმა

მაჟორიტარების მოდელირებული ამბოხება ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ძვირი დაუჯდეს. აშკარაა, რომ დასავლეთისთვის სულერთი არაა თუ როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები.

„თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ხვალ 8 დეკემბერს  საქართველოში აკრედიტებული ელჩები კიდევ ერთხელ მიიწვევენ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ისინი მათთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრებენ გერმანულ მოდელზე. ივანიშვილის მიერ „გადაგდებული“ ოპოზიცია სწორედ გერმანული მოდელით ითხოვს არჩევნების ჩატარებას.
დიპლომატების ეგიდით გამართულ შეხვედრას ის პოლიტიკოსები დაესწრებიან, რომლებმაც გასულ კვირას დიპლომატების თხოვნით სასტუმრო „ბილტმორში“ გამართეს მოლაპარაკებები.

დიპლომატების გააქტიურებამდე „ოცნების“ სრული შემადგენლობა ამაყად აცხადებდა, რომ მათ ოპოზიციასთან არაფერი ჰქონდათ სალაპარაკო და ამ უკანასკნელთ შეეძლოთ ქუჩაში დგომა გაეგრძელებინათ. შს მინისტრი ოპოზიციას დაპირდა, რომ „აწი თბილი წყლით დაგშლითო“.მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებამ ოპოზიციას და ელჩებს განუცხადა, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.
ამ უარის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ დათმობაზე არ წავა და მიზნის მიღწევამდე პროტესტს არ შეწყვეტს, ხოლო დასავლეთიდან კიდევ უფრო მწვავე შეფასებები გაკეთდა ხელისუფლების მისამართით.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ მმართველი პარტია ამას გარეგნულად არ იმჩნევს, მაგრამ დასავლეთის რეაქციის გამო ყველა ძალიან შეწუხებულია. ყველაზე მეტად ივანიშვილია შეშფოთებული. დასაკარგი სწორედ მას აქვს, თორემ დანარჩენები სხვა ხელისუფლებასაც კარგად მოერგებიან.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უცხოელი დიპლომატები უკვე თავად ბიძინა ივანიშვილს შეხვდებიან. მართალია ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მან მაჟორიტარები ვერ დაითანხმა, მაგრამ უცხოელმა დიპლომატებმა ჩვენზე კარგად იციან თუ როგორი „მეამბოხე“ მაჟორიტარებიც ჰყავს „ოცნების“ ლიდერს.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას დათმობაზე მოუწევს წასვლა. „ოცნებაში“ ყველა შეშფოთებულია, ყველა დაბნეულია, არ იციან რა ქნან. არავის ეგონა რომ დასავლეთს ასეთი რეაქცია ექნებოდა პროპორციული წესის ჩაგდებაზე. ყველა ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი წავა თუ არა ხელისუფლება ამაზე.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქციების პარალელურად „ქართული ოცნება“ ძალის დემონსტრირებას ახდენს
შემდეგი სტატიაემა გოგოხიას გიგა ქავთარაძის ახლობლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს