საპროტესტო აქციების პარალელურად „ქართული ოცნება“ ძალის დემონსტრირებას ახდენს

საპროტესტო აქციების პარალელურად „ქართული ოცნება“ ძალის დემონსტრირებას ახდენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ძალიან სამარცხვინოა, რომ 14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობისთან დაკავშირებით აქციას გეგმავს.

„ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ჩვენ მოგვიწია ანბანის მიხედვით. იყო საფრანგეთი, ექვსი თვის შემდეგ იქნება გერმანია, თქვენ წარმოიდგინეთ ანგელა მერკელმა რომ ეს საკუთარ თავზე მიიწეროს და ბერლინის ქუჩებში კონცერტები მოაწყოს, სასაცილოა ეს. ეს არის ძალის დემონსტრირება, კონტრაქცია, საპროტესტო აქციების საწინააღმდეგოდ. იძულებით ჩამოჰყავთ ხალხი რეგიონებიდან. უკვე ადგენენ სიებს და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აიძულებენ ყველა საჯარო მოხელეს, ვისზეც ზეწოლის ფორმები აქვთ და ეს შეურაცხყოფილი ხალხი ამ ყინვაში უნდა იდგეს უაზროდ. ეს არის ჩვენება, თითქოს „ქართულ ოცნებას“ დღესაც ვინმე უჭერდეს მხარს. უამრავ ხალხს ჩამოიყვანენ ფულით და ამით ილუზიას შექმნიან, თითქოსდა „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არსებობს, არა და „ქართული ოცნება“ ფართხალებს, დამარცხებისკენ მიდის. ბევრჯერ იყო, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჩამოუყვანია მსგავსი მეთოდებით ხალხი, 80 ათასი ადამიანი იჯდა დინამოს სტადიონზე და რა შედეგი მიიღო 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავინახეთ, ამიტომ ისტორიამ მწარედ დასჯა იცის და თუ ვერ გაითვალისწინებენ სხვების შეცდომებს, საკუთარ შეცდომებზე ძალიან მძიმედ დაისჯებიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარები არიან მარიონეტები, როცა უნდა იქით ააყვირებენ, როცა უნდათ აქეთ გადმოიბირებენ
შემდეგი სტატიაექსკლუზივი- მოულოდნელად სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი რაუნდი დაიგეგმა