ექსკლუზივი: ხუთკაციანი ბორდი,მამაცაშვილი “გაციმბირება”-ივანიშვილი პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ მიდის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 8, 2021 11:28

ექსკლუზივი: ხუთკაციანი ბორდი,მამაცაშვილი “გაციმბირება”-ივანიშვილი პოლიტიკიდან  კიდევ ერთხელ მიდის

ბიძინა ივანიშვილი მორიგი ტრიუკისთვის ემზადება.  გასული წლის ბოლოს „ქრონიკა+“ წერდა, რომ მთავარი მეოცნებე ერთ-ერთი სამთავრობო არხიდან გვაუწყებდა თავის გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ და მემკვიდრესაც დაასახელებდა. ეს განცხადება 28-29 დეკემბერს უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ოლიგარქმა დრო ითხოვა. სავარაუდოდ მას კიდევ ჰქონდა იმედი რომ ტრამპი მეორე ვადით დარჩებოდა ამერიკის პრეზიდენტად.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს არ უნდოდა რომ ერთპარტიული პარლამენტი ყოფილიყო მის სახელთან დაკავშირებული. ამიტომაც მიდიოდა ოპოზიციასთან “გაშმაგებული” მოლაპარაკებები და თხოვნა ელჩების მხრიდან პარლამენტში შესვლის შესახებ. შემსვლელები მხოლოდ იანვარში იპოვეს. პარლამენტში შესვლა “პატრიოტთა ალიანსმ”ა გადაწყვიტა. ალბათ არც ის იყო შემთხვევითი რომ ალიანსმა სია არ ჩახსნა. მათ პარლამენტში 4 კაცი გაიყვანეს. ოთხეულიდან ერთმა ავთო ენუქიძემ მალევე განაცხადა მე დეპუტატობაზე უარს არ ვიტყვიო. სამმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა. არც ის იყო შემთხვევითი რომ პირველად მათ შეუწყდათ უფლებამოსილება. არადა ყველაზე გვიან მათ შეიტანეს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადი.

ივანიშვილი ერთპარტიული პარლამენტის დამფუძნებლის სახელით არ უნდა წასულიყო და ამიტომ პარლამენტში რიგითობა სულ არ აინტერესებდათ. პატრიოტთა ალიანსის ჩაუხსნელი სიიდან ადგილმონაცვლობის პრინციპით სამი კაცი შევიდა პარლამენტში. მათ ევროპელი სოციალისტები დაირქვეს. პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სიამაყით გვამცნო, რომ ოპოზიცია უკვე ზის პარლამენტშიო.

კიდევ იყო ერთი მომენტი, რამაც ივანიშვილი დააყოვნა. კარგა ხნით ადრე იყო ინფორმირებული რომ საფრანგეთი მის დაჯილდოვებას აპირებდა. საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი ემანუელ მაკრონმა ჩვენებურს 6 იანვარს უბოძა. თავის დროზე ამ ორდენით დაჯილდოვებული არიან ვლადიმერ პუტინი, ჩაუშესკუ, ბაშარ ალ ასადი და სხვა ბევრად უფრო ღირსეული ადამიანები.. .

ორდენი მიღებულია, ოპოზიცია პარლამენტში შეყვანილია, ტრამპმა პრეზიდენტობა ვერ შეინარჩუნა და ძალიან ცუდად აქვს საქმე. ჰოდა, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ღია პოლიტიკიდან წასვლა.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ის დიდხანს არჩევდა კანდიდატურას. გამოკვეთილი იყო ორი ფიგურა კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. სწორედ ამიტომ იყო ბოლო თვეებში კობახიძე ზღვარგადასულად აგრესიული. უნდოდა ივანიშვილისთვის თავი მოეწონებინა. მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო, მაგრამ სიტუაციაც გაართულა.

როგორც „თაიმერს“ სახელისუფლებო კულუარებში უყვებიან, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს დაასახელებს ივანიშვილი, მაგრამ მას მეთვალყურეებს დაუნიშნავს. შეიქმნება ხუთკაციანი ბორდი. რომლის შემადგენლობაში შევლენ არჩილ თალაკვაძე, კახაკალაძე გიორგი გახარია….

ბორდზე და კიდევ სხვა თემებზე ივანიშვილი თავის განცხადებაში ისაუბრებს. რომელიც 15 პუნქტისგან შედგება. ეს განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.

ივანიშვილმა თანაგუნდელებს პირობა მისცა რომ პარტიის და მთავრობის მუშაობაში არ ჩაერევა. მანვე თანაგუნდელებს უთხრა, რომ კომუნიკაცია მხოლოდ რამდენიმე ადამიანებთან ექნება და მხოლოდ მათ სატელეფონო ზარებს უპასუხებს. დანარჩენებს მოსთხოვა რომ არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხონ.

ოლიგარქმა იმის პირობაც დადო, რომ ქვეყნის მართვაში მისი ნათესავები აღარ ჩაერევიან. ეს პირობა მან დასავლეთს მისცა. „ოცნებაში“ ვინ გაბედავდა ლიდერის ნათესავების ჩარევის გაპროტესტებას. არაფორმალური მმართველის ნათესავებიდან ყველაზე აქტიური უჩა მამაცაშვილი იყო. ივანიშვილმა უჩა მამაცაშვილი გააციმბირა – მოსკოვში გაუშვა ოჯახთან ერთად და აქაურ ამბებში ჩარევა აუკრძალა.

მთავარი მეოცნებე რამდენიმე ხნით მართლაც გაუჩინარდება და როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება თანაგუნდელებს ერთმანეთს “დააჭმევინებს”. და მერე ისევ მხსნელად მოგვევლინება. ამასობაში ის ოპოზიციასთან ალაგებს ურთიერთობას. და არაა გამორიცხული ზოგიერთ მათგანთან ახალი ძალა შექმნას. 2013 წელს მაშინ, როცა პირველად წავიდა პოლიტიკიდან თქვა, რომ თუ მისი გუნდი საქმეს თავს ვერ გაართმევდა ოპოზიციას თავად შექმნიდა.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 8, 2021 11:28