500 მეხანძრე-მაშველი შვიდ ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა თუ მინდვის ხანძრის შვიდ კერაზე.

მათივე ინფორმაციით, არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამ ხნის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

„არსებული შვიდი კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენილია, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში.

შვიდი კერიდან ოთხი სამეგრელოშია, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ორი კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთი მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

ორი კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმში, მათ შორის ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.

ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელ აბარში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია ასევე შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება, გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა, პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ხუთკაციანი ბორდი,მამაცაშვილი “გაციმბირება”-ივანიშვილი პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ მიდის