ექსკლუზივი-ეკლესიას, სადაც 300 არაგველმა ფიცი დადო, ჩინური კომპანია საფრთხეს უქმნის

ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, სადაც კრწანისის ომში მიმავალმა სამასმა არაგველმა ფიცი დადო, საფრთხე ემუქრება. მე-13 საუკუნეში აშენებულ და რამდენჯერმე დამეწყრილ ეკლესიას საფრთხეს ჩინური კომპანია უქმნის, რომელიც გუდაურის შემოვლით გზას აშენებს.
როგორც დუშეთის რაიონის სოფელ ნაღვარევის მოსახლეობა „თაიმერთან“ საუბარში აცხადებს, კომპანიამ ეკლესიიდან 70 მეტრში დაიწყო 49 საძინებელზე გათვლილი კომპლექსის მშენებლობა, სადაც საძინებლების გარდა ოფისებიც იქნება განთავსებული. შენობა საკმაოდ მასშტაბური უნდა გამოვიდეს.
„თაიმერმა“ გაარკვია, რომ ჩინურ კომპანიას ამ კომპლექსის ასაშენებლად ნებართვა არ აქვს მიღებული, არც დუშეთის მუნიციპალიტეტისგან და არც საგზაო დეპარტამენტისგან. მიუხედავად ამისა, უკვე გაიჭრა და ჩაისხა მომავალი შენობის საძირკველი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნული კომპლექსი ეკლესიიდან დაახლოებით 70 მეტრში შენდება. ეს ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის სიახლოვეს ოფისების და სხვადასხვა კომპლექსების აშენება კანონით იკრძალება.
გარდა ამისა, არსებობს ტრადიციაც, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეებია იცავს და რომელსაც პატივისცემა სჭირდება.
„ადგილი, სადაც ახლა საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, ხატის მოედანს ეკუთვნის. ეკლესიის გარშემო ტერიტორიას ხატის მოედანს ვეძახით და მას ყველა მოწიწებით ექცევა. აღნიშულ ტერიტორიაზე ვინც ცხოვრობს, ღორებიც კი არ ყავთ. ღორი მიწას ჩიჩქნის და არ გვინდა, რომ მათ ხატის მოედანი დააბინძურონ. ეს ტრადიცია აქ საუკუნეებია რაც არსებობს და მას ყველანი ვიცავთ. ამის გაგება ჩინელებისთვის ძალიან ძნელი იქნება. ვინ არის იმის გარანტი, რომ ისინი ჩვენს სიწმინდეებს არ შეურაცხყოფენ, – აცხადებენ „თაიმერთან“ საუბარში ნაღვარევის მოსახლეობა.
მათი თქმით, ჩინურმა კომპანიამ, რომელიც გუდაურის შემოვლით გზას აშენებს, სოფელს უკვე შეუქმნა პრობლემები.
„კომპლექსის ასაშენებლად საძირკველი გათხარეს და უამრავი მიწა ამოიღეს. ეს მიწა არაგვის ჭალაზე დაყარეს, სადაც ჩვენი საქონელი ძოვდა. ახლა იქ საქონელი ვეღარ გადის, რადგან მიწის გორებია აღმართული და, შესაბამისად, ძროხები მშიერი დაგვრჩა, – გვიყვებიან ნაღვარევის მაცხოვრებლები.
გარდა ამისა, როგორც მოსახლეობა ყვება, სოფელში გაქრენ კატები. „როგორც კი ესენი გამოჩნდნენ, ერთმანეთის მიყოლებით გაუჩინარდნენ ჩვენი კატები. მერე ჩინელების საცხოვრებელთან კატის ტყავი ვნახეთ და მივხვდით, რომ მათ შეჭამეს. ასე როგორ შეიძლება? თავიან ქვეყანაში თუ უნდათ, ღამურებიც ჭამონ, მაგრამ აქ ჩვენს ტრადიციებს სცენ პატივი, თან ეს კატები ჩვენი შინაური ცხოველები იყვნენ. მათი მოპარვა და დახოცვა სისხლის სამართლის დანაშაულია,- ამბობს ნაღვარევის შეწუხებული მოსახლეობა.
მათივე თქვით, მთელი სოფელი გადათხრილია და ბავშვებს გარეთ ვეღარ უშვებენ სათამაშოდ.
„იმაზე არაფერს ვამბობთ, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას გუდაურის შემოვლითი გზა?! ეს გზა სჭირდება რუს ტურისტებს, რომ ადვილად შემოვიდნენ საქართველოში. ამ გზის მშენებლობა ულამაზეს ხადას ხეობას გაანადგურებს, გაანადგურებს ჩვენ სოფელსაც. გარეთ ვეღარ გამოვსულვართ, ბავშვები ვეღარ თამაშობენ, ყველგან თხრილია, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ეკლესიის ბედი გვაწუხებს, რომელსაც 70 მეტრის დაშორებით რაღაც კომპლექსს უშენებენ. გვესმის, რომ მუშებს ძილი და მოსვენება უნდათ, მაგრამ ყველგან „სენდვიჩ-პანელებში“ ცხოვრობენ და რატომღაც აქ მოინდომეს კაპიტალური შენობის აშენება. ასეთივე ნაგებობის აშენება სხვაგანაც შეიძლებოდა, ისინი კი რატომღაც ეკლესიის გვერდით დაფუძნდნენ. ეს მშენებლობა უკანონოდ მიდის და ის უნდა შეჩერდეს. მშენებლობის ნებართვა შესაძლოა მოიპოვონ, მაგრამ ეს ნებართვა ვერ დაიცავს ნაღვარევის ეკლესიას, ის ისედაც დაზიანებულია. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სიწმინდე დავიცავთ, -აცხადებს ნაღვარევის მოსახლეობა.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემას საპატრიარქოც გულთან ახლოს მიიტანს და „მეტყევეებად“ ქცეული სასულიერო პირები მე-13 საუკუნის ეკლესიის უსაფრთხოებაზეც იზრუნებენ.

ავტორი:  შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისროლა ვაკეში
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს