ექიმის ინფორმაციით, ქალს, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა

კლინიკა “მედინა” ბათუმში გარდაცვლილი ქალის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილე ლადო ურუშაძემ განაცხადა, მშობიარობის შემდგომი გართულებებით პაციენტი “მედინას” რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

მისივე განმარტებით, მკურნალობიდან 5 დღის თავზე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ის პალატაში გადაიყვანეს.
“ქალმა დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. იქედან გაწერილი იქნა სახლში, თუმცა სისხლდენის გამო ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ იყო ჰემორაგიული შოკი, მძიმე მდგომარეობა. გადმოიყვანეს ჩვენთან, 5 დღის განმავლობაში იყო უმძიმესი მდგომარეობა და ვმკურნალობდით რეანიმაციულ განყოფილებაში. შემდეგ მდგომაროება დასტაბილურდა, რის შესაბამისადაც მოხდა მისი პალატაში მოთავსება”, – განაცხადა ექიმმა.

ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტს 2012 წელს შიზოფრენია დაუდგინდა, რის გამოც ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა.

“პაციენტი 2012 წელს ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა, ვინაიდან შიზოფრენია დაუდგინდა. დღეს სადილობის შემდეგ გადახტა ფანჯრიდან. თვითმხილველი არავინაა – შემთხვევამდე მასთან კლინიკის თანამშრომელი იმყოფებოდა. ყველაფერი რიგზე იყო და ეს შემთხვევა მოხდა ასე მოულოდნელად”, – აღნიშნა ლადო ურუშაძემ.

30 წლის ქალი კლინიკის მეხუთე სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/365048-eqimi-bathumshi-gardacvlili-qalis-shesakheb-pirvel-komentars-akethebs.html

banner
წინა სტატიაშიგიგა ნიკოლეიშვილი მერიაში გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია“ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის “გაზპრომთან” მოლაპარაკებების პოლიტიკური საფრთხეები“