ენმ მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე და საქართველოს მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.
„მივესალმებით ევროსასამართლოს დიდი პალატის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები.
ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60 წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა 18 მუხლის დარღვევა. ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი.
მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ სხვა მიზნებს.
ყველა სხვა შემთხვევაში, როცა სასამართლოს მიერ დადგენდა მე-18 მუხლის დარღვევა, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება – მათ შორის პუტინის რუსეთი და იანუკოვიჩის უკრაინა, იძულებულები იყვნენ უკანონო პატიმარები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.
ახლა გამოჩნდება, შერჩა თუ არა ხელისუფლებას საღის აზრის მცირედი ნატამალი მაინც.
არჩევანი მარტივია -ან ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების შემდგომ დაზიანებას, ან მან უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.
ამ პროცესში შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც 1 საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს.

გამაოგნებელია, რომ მინისტრი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სირცხვილისა და ნეგატიური პრეცედენტების გარდა არაფერი მოუტანია, მეექსვე წელია ინარჩუნებს თანამდებობას.
თუმცა, ოლიგარქიული ხელისუფლების პრიორიტეტების გათცალისწინებით, ეს სრულიად ლოგიკურია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მიესალმება ევროსასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას და ელის ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.“

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო არ აშენდება
შემდეგი სტატია„ლეოგრანდში“ ხანძრისას დაღუპულთა პანაშვიდზე სასტუმროს მფლობელიც იმყოფებოდა