„ემპათია“ – პირველხარისხოვან ამოცანად მიგვაჩნია სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური წამების შეწყვეტა და მისი სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

ცენტრი „ემპათიის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე – 18 დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება.

„მე-18 დაწესებულებაში არანებაყოფილობითმა გადაყვანამ, პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით. ამავდროულად, ზეწოლის ფაქტების ინტენსივობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება,“- აცხადებენ „ემპათიაში“

ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგებს და დასკვნებს „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„წამების მეთოდები, რომელიც იქნა გამოყენებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ:

N 12 დაწესებულება: 01/10/2021 დან – 08/11/2021 მდე.

ფსიქოლოგიური მეთოდები:
დეპრივაცია, იზოლაცია; (სამარტოო საკანი ვიდეო მეთვალყურეობით, ფანჯრების დაბურვა, ერთი დღით ადვოკატებთან კონფიდენციური ურთიერთობის შეზღუდვა, კონფიდენციურობა ხერხდება წერილობითი ფორმით.)

უკრაინელი ადვოკატის არ შემოშვება საქართველოში

სიტყვიერი შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მმართველი სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარისა და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან.

სამედიცინო ხასიათის დანიშნულების შესრულებისას ვიდეო – ჩანაწერის გასაჯაროება;

სამედიცინო ნაწილში ვიდეომეთვალყურეობა;

სამედიცინო კონფიდენციურობის დარღვევა;

ადეკვატური სამედიცინო დახმარების უქონლობა;

დისკრიმინაცია პოლიტიკური მოტივით, ჯანდაცვის სერვისებით მანიპულირება;

ალტერნატიულ სამედიცინო აზრსა და ექსპერტიზაზე კანონიერი უფლების შეზღუდვა.

ღირსების შემლახავი მოპყრობის მცდელობა და მუქარა მე – 18 დაწესებულებაში გადაყვანით (ციხეთა საავადმყოფო, მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრები ასრულებენ სანიტრების ფუნქციას და კრიმინალური სუბკულტურა დომინირებს).

პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება

08/11/2021 – ში, N 12 დაწესებულებიდან N 18 – დაწესებულებაში გადაყვანის გარემოებები და ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მეთოდები 08 – 09/11/2021 წ. მდგომარეობით:

მოტყუებით, ინფორმირებული თანხმობის გარეშე N12 დაწესებულებიდან მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა N 18 დაწესებულებაში.

ადვოკატებისა და ოჯახის წევრების დეზინფორმირება – არ მიეწოდებოდათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, რამოდენიმე საათის განმავლობაში.

სამედიცინო კონსილიუმის წევრებისა და თვითონ პაციენტის მიხეილ სააკაშვილის დეზინფორმირება, სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქნ. დემურიშვილის მხრიდან.

მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე N 18 დაწესებულებაში შეყვანისას სავარაუდოდ და დიდი ალბათობით კრიმინალური სუბკულტურისა და ადმინისტრაციის თანამონაწილეობით, წაქეზებით ან/და მდუმარე თანხმობით ხმაური და ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება პატიმარი მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც დღემდე გრძელდება და მოშიმშილე პატიმარი იმყოფება ამგვარი ფსიქოლოგიური დისტრესის ქვეშ.

მე – 18 დაწესებულებაში თანამშრომლების მხრიდან ვერბალური ძალადობა, დამამცირებელი მოპყრობა და მუქარა.

N 18 დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების მცდელობა, რაც მოიცავდა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას, საწოლზე დაბმის მცდელობის სახით, რაზედაც მოშიმშილე პატიმარმა წინააღმდეგობა გაწია.

საზოგადოების დეზინფორმაციის მცდელობა იუსტიციის მინისტრი ბრეგაძის მხრიდან და მისი მიკერძოებულობა პატიმრის ინტერესების საზიანოდ.

ფიზიკური ძალადობა: ძალით გადმოთრევა ავტომობილიდან და ძალით შეთრევა მიწაზე გახოხიალებით N 18 დაწესებულებაში. კისერში ჩარტყმა, ტანსაცმელის შემოხევა.

აღნიშნული ზემოქმედების შედეგად, მოშიმშილე პატიმარმა, შიმშილობის მე – 40 დღეს უარი განაცხადა ყოველგვარ თანამშრომლობაზე, ეგრეთ წოდებული N18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულების, საეჭვო მედპერსონალთან, რითიც საფრთხე შეექმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ასევე, აღნიშნული წამების მეთოდები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური ანგარიშსწორების დამადასტურებელი განცხადება, თითქოსდა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი თანამშრომლების შეურაცხყოფა და ტექნიკის დაზიანება N 18 – დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა, საზოგადოების დეზინფორმირება, მიუთითებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ციხეთა სისტემაში იმყოფება სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ. პოლიტიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველია ასევე, თავში „თავისუფალი თხრობა“ მოყვანილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებებიც.

აქვე განვმარტავთ, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში, მე – 8 საპყრობილის ტერიტორიაზე განთავსებულ მე – 18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, სამედიცინო კადრების მობილიზება – აყვანა დაიწყეს უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო უმცროსი მედპერსონალის საკითხი, რომლის ფუნქციასაც პატიმრები ასრულებდნენ, კვლავაც გაურკვეველი რჩება. ამავე კლინიკის აღჭურვა დაიწყეს უკანასკნელ პერიოდში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციისათვის საჭირო გუნდური მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ კლინიკას არ გააჩნია და მიხეილ სააკაშვილი არის პირველი პაციენტი, რომელიც აქ განთავსდა, რაც ქმნის პატიმარზე სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარების საფრთხეს.

ამგვარად, გამოსაკვლევ პირს დაესვა დიაგნოზები/მდგომარეობები რომელიც საჭიროებს ყურადღებას, სხვა დიაგნოზების დასმა წამებასთან კავშირში ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, არ გვეძლევა პაციენტის დეტალური დიაგნოსტირების საშუალება,“- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაყვანას N 18 – დაწესებულებიდან სამოქალაქო ტიპის მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიური კლინიკის ინტენსიური თერაპიის ან/და, საჭიროების განსაზღვრის მიხედვით, რეანიმაციულ განყოფილებაში.

„შიმშილობის ფონზე მაღალია გულის რითმის დარღვევის რისკი, ასევე ზოგადად, მწვავე პოლიორგანული უკმარისობის და ფსიქონევროლოგიური თვალსაზრისით შეუქცევადი ნეირო – დეგენერაციული ცვლილებების რისკი; საჭიროებს ინტენსიურ კლინიკო – ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე თავის ტვინის მრტ კვლევას, თავის ტვინის ეეგ კვლევას, CT სკრინინგს, ასევე საჭიროებს უსაფრთხო დაცულ გარემოსა და ფსიქოლოგიურ/იურიდიულ მხარდაჭერას. შიმშილობის პირობებში, ასევე, განგრძობადი, როგორც მინიმუმ, ფსიქოლოგიური წამების პირობებში N 18 -დაწესებულებაში, რომელიც 09/11/2021 მდგომარეობით კვლავ გრძელდება, რის გამოც გამოსაკვლევი პირი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, მაღალია ლეტალური შედეგის რისკი. ასევე, დიდი ალბათობით, დაბალი სამედიცინო პერსონალი აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში დაკომპლექტებულია კვლავაც პატიმრებით, აღნიშნულის შესახებ განმარტებას არ აკეთებს არც ერთი სახელმწიფო უწყება. მსაგავს ვითარებაში პატიმარ სააკაშვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის რისკი მაღალია. დამატებით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე პირველხარისხოვან ამოცანად მიგვაჩნია გამოსაკვლევი პირის/პაციენტის, პატიმრის მიმართ ფსიქოლოგიური წამების შეწყვეტა და მისი სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც, როგორც მინიმუმ, ვერ განხორციელდება მე-18 დაწესებულებაში და, ზოგადად, საქართველოს ციხეთა სისტემაში“, – აცხადებენ „ემპათიაში“.

banner
წინა სტატიაშიექსპერტთა დასკვნა – მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ წამებას
შემდეგი სტატიახოშტარია – გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, გავიკეთებ მხოლოდ იმას, რომელიც აგვარიდებს ლეტალურ შედეგს