ელისო ბოლქვაძე: მინდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებით მივულოცო უკრაინელ ბავშვებს და ვუსურვო მათ მშვიდობიანი და თავისუფალი გარემო რაც შეიძლება მალე

„მიმაჩნია, რომ ყოველი დღე არის ბავშვის და ყოველი დღე ეკუთვნის ბავშვებს. ჩვენი ვალია ბავშვებზე ზრუნვა, მათი გაგება, ურთიერთპატივისცემის დამკვიდრება, ბავშვთა აზრების მოსმენა, დაფასება, პრობლემების გაზიარება, სურვილების ასრულება, ხელშეწყობა და ნამდვილი მეგობრობა,“ – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე.

ელისო ბოლქვაძის თქმით, აუცილებელია დაუღალავი შრომა იმისათვის, რომ ბავშვების ცხოვრება იყოს რაც შეიძლება, უკეთესი და პერსპექტიული.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს, რაც ნათელი მომავლის საწინდარია. დემოკრატიული სახელმწიფოები ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე უკვე წლებია შეჯერდნენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად სწორედ ბავშვი და მისი უფლებების დაცვა წარმოადგენს, რომელიც თანდათან საკანონმდებლო დონეზეც წესრიგდება“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლების და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

„მე, როგორც იუნესკოს მშვიდობის ელჩს, განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა, რომ მშვიდობა არის ჩვენი განუყოფელი ნაწილი და მისი არარსებობა გვართმევს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების ჰარმონიულ, თავისუფალ ცხოვრებას და განვითარებას. მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო უკრაინელ ბავშვებს და ვუსურვო მათ მშვიდობიანი და თავისუფალი გარემო რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

banner
წინა სტატიაშილატვიის საეიმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
შემდეგი სტატიარუსები ნიკოლაევს ბომბავენ – ქალაქის მერი