ლატვიის საეიმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ლატვიის პარლამენტის საპარლამენტო (საეიმა) დელეგაციამ, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმძღვანელობით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა.

დელეგაცია თბილისში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ლევან იოსელიანთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხთან, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.

„ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს და გვერდში უდგას საქართველოს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ლატვია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს,“ – განაცხადა ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ულდის ბუდრიკისმა.

ლატვიელმა პარლამენტარებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი, შეაფასეს ადგილზე არსებული ვითარება და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბოროტება აქ მეორე მხარესაა. ამასთან საბრძოლველად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, რომელიც 21-ე საუკუნეში ხდება. ლატვია და საქართველო მეგობრები არიან. ახლა რთული ვითარებაა უკრაინაში. ეს თავის თავზე გამოცადა საქართველომაც, ამიტომ არ გვსურს თქვენი ქვეყანა ჩრდილში მოექცეს. ევროკავშირში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს. ვფიქრობ, მოკლე ვადაში კანდიდატის სტატუსს მიიღებთ. ამის შემდეგ, ახალი გვერდი გადაიშლება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ შემდგომში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის,“ – განაცხადა ულდის ბუდრიკისმა.

ლატვიის საპარლამენტო დელეგაციაში საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე შედიოდნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე: მინდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებით მივულოცო უკრაინელ ბავშვებს და ვუსურვო მათ მშვიდობიანი და თავისუფალი გარემო რაც შეიძლება მალე